ახალი ამბები

ქარელში, ერთ ეზოში, 138 გველი იპოვეს

19 თებერვალი, 2024 • 5115
ქარელში, ერთ ეზოში, 138 გველი იპოვეს

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს 138 გველი აღმოაჩინეს.

ინფორმაციასა და ფოტო-ვიდეოს ილიაუნის მკვლევარი გიორგი იანქოშვილი ავრცელებს. მისი ცნობით,   წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) დიდი რაოდენობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელდა, რომელსაც მისმა მეგობარმა მიაგნო და სპეციალისტებს გაუზიარა. ამის შემდეგ კი ვიდეოს ავტორს სთხოვეს, არ დაეხოცა გველები და ადგილი მიესწავლებინა მათთვის, რაზეც  თანხმობა მიიღეს.

„17 თებერვალს, დილაადრიანად გავემართეთ შემთხვევის ადგილზე. სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ: ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი (ორკინი საქართველოს – ველური ბუნების მენეჯერი) და ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები: გიორგი იანქოშვილი, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, ალისა სანაკოევა და მარი წულაია.

სამუშაოების დროს ამოვიყვანეთ 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata). სარდაფში, სადაც გველები ვნახეთ, გავზომეთ ტემპერატურა და ტენიანობა, რათა შემდეგ მსგავს გარემოში გადაგვეყვანა. ამჟამად წითელმუცელა მცურავები უსაფრთხო ადგილას, ერთ-ერთი ჩვენგანის აგარაკზე იმყოფებიან და განაგრძობენ გამოზამთრებას“, — წერს ფეისბუკზე გიორგი იანქოშვილი.

ის მადლობას უხდის პროცესში ჩართულ პირებს, მათ შორის, ტერიტორიის მოსაკუთრეს, რომელმაც გველები არ დახოცა და დაელოდა სპეციალისტთა ადგილზე მისვლას.

ნაპოვნი გველები — წითელმუცელა მცურავი, წენგოსფერო მცურავი და წყლის ანკარა — ადამიანისთვის უსაფრთხოა. სამივე სახეობის გველი უშხამოა და ისინი ფართოდ არიან გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე.

გველი ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი კვების ჯაჭვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც ანადგურებს მღრღნელებსა და სხვა მავნებლებს. თავად გველებს საკვებად გარეული ფრინველები და სხვა ცხოველები იყენებენ. შესაბამისად, მათი დახოცვა დაუშვებელია.

მთავარ ფოტოზე: მკვლევრები და სტუდენტები ქარელში ნაპოვნ გველებთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი