ახალი ამბები

თბილისში დაჭერილი 188 ქვეწარმავლიდან უმეტესობა უსაფრთხოა – მონიტორინგის სააგენტო

24 ივნისი, 2020 • 3678
თბილისში დაჭერილი 188 ქვეწარმავლიდან უმეტესობა უსაფრთხოა – მონიტორინგის სააგენტო

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, სააგენტომ 22 ივნისის მდგომარეობით 188 ქვეწარმავალი დაიჭირა, მათი უმეტესობა კი გველხოკერაა – უფეხო ხვლიკი, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის. ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ლომჯარია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გველხოკერის მოკვლისგან, რადგან ის უსაფრთხოა. გარდა ამისა, დაჭერილი ქვეწარმავლების მხოლოდ 20% იყო გველი და მათგან რამდენიმე შხამიანი.

როგორც ვახტანგ ლომჯარია ამბობს, თბილისში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ამ დრომდე 2 გიურზა დაიჭირა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახეობა თბილისში არ ბინადრობს, დიდი ალბათობით, ისინი სამშენებლო მასალების გადმოტანისას შემთხვევით გადმოიყვანეს რეგიონებიდან. მისი თქმით, შხამიანი ქვეწარმავლები თბილისში ძალიან იშვიათია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო წლის განმავლობაში დაახლოებით 5 ასეთ გველს იჭერს.

ლომჯარიას განმარტებით, იმისთვის, რომ ქვეწარმავლების გავრცელების საფრთხე შევამციროთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: ეზოში უნდა გაიკრიჭოს ბალახი, გამოუსადეგარი და არასაჭირო ნივთები უნდა მოცილდეს ეზოდან და ხშირად უნდა მოხდეს ნაგვისა და სხვადასხვა ნარჩენების გატანა, რადგან აქ ბინადრობენ მღრღნელები, რომელთაც ქვეწარმავლები მოჰყვებიან.

ლომჯარიამ ასევე განმარტა, თუ როგორ უნდა გაირჩეს შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი არაშხამიანისგან:

“როცა არის შხამიანი ქეწარმავლის ნაკბენი, როგორც წესი, მთლიანი ყბით ხდება ხოლმე კბენა და ნაკბენს აქვს მთლიანი ყბის ფორმა და ყბის ბოლოში არის ხოლმე ორი ეშვის ნაკვალევი. ასევე, შხამიან ნაკბენს მოჰყვება ძალიან ძლიერი ტკივილები, შუპდება და წითლდება ნაკბენი ადგილი. თუმცა ადამიანს რეგირებისთვის აქვს 2-5 საათამდე იმისთვის, რომ მივიდეს კლინიკაში. თუმცა, თუ ძლიერად შხამიანმა ქვეწარმავალმა გიკბინათ, შესაძლოა, განვითარდეს მცირე ნეკროზი, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა თითქმის 100%-ით შესაძლებელია”, – განმარტა ლომჯარიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა შენიშნავს ქვეწარმავალს, ისინი უნდა დაუკავშირდნენ მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი