ახალი ამბები

თბილისში დაკარგული პითონი იპოვეს

1 აგვისტო, 2020 • 3987
თბილისში დაკარგული პითონი იპოვეს

პატრონს თბილისში მახრჩობელა გველი, პითონი დაეკარგა, თუმცა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმოამდგენლებმა ის რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.

როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პითონის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ 30 ივლისს, 19:30 საათისთვის მიიღეს, რის შემდეგაც მის ძებნაში ორი ეკიპაჟი ჩაერთო.

“პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია, არავის ვუსურვებთ მის “სტუმრობას”. ბოლომდე გვიჭირდა გააზრება, რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც, ფაქტობრივად, “თვალებახვეულებს” მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა”, – წერია მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას მონიტორინგის სამსახურის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარება მოუწიათ, მათ შორის, კედლების დანგრევა, ტერიტორიის ავეჯისა და ნივთებისგან გათავისუფლება და მოსახლეობის ევაკუაცია, რის შემდეგაც მათ პითონის პოვნა შეძლეს.

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ განმარტა, პითონი პატრონს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრის ოფისში ჰყავს. მისი თქმით აკვარიუმს, სადაც პატრონს გველი ჰყავს გაჩერებული ჰქონდა ხვრელი და მან სწორედ აქედან მოახერხა გამოძვრომა.

ლომჯარიას განმარტებით, ეს იყო პირველი შემეთხვევა, როდესაც მონიტორნგის სამსახურმა გველის ამ სახეობის დაკარგვის შესახებ მიიღო შეტყობინება. მისი თქმით პითონი პატრონს ახალი შეძენილი ჰყავდა და ის აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრეც დაეკარგა, თუმცა მისი პოვნა თავად პატრონმა მოახერხა. რაც შეეხება პითონის ზომას, ის დაახლოებით 1.3 მეტრის სიგრძისაა, რაც როგორც ლომჯარია ამბობს შედარებით მცირე ზომად ითვლება, თუმცა რისკს წარმოადგენს მცირე ზომის ცხოველებისა და ბავშვებისთვის:

“არ ვიცოდით არც ზომა და არც ჯიში როდესაც მივედით ადგილზე, გველის ეს სახეობა 17 მეტრამდეც იზრდება, თუმცა კონკრეტულად ეს პითონი 1.3 მეტრის სიგრძის იქნებოდა, თუმცა ასეთი ზომის მიუხედავად პატარა ბავშვი, კატა და საშუალო, მცირე ზომის ძაღლი მისთვის შეიძლება მსხვერპლი ყოფილიყო. პატრონს ახალი შეძენილი ჰყავდა ის და არ იცოდა კონკრეტულად როგორ უნდა გაფრთხილებოდა. აკვარიუმში არსებული მცირე ხველი კი გველისთვის საკმარისი გამოდგა, რომ გაპარულიყო. ამ ეტაპზე ყველაფერი კონროლის ფარგლებშია. პატრონმა განაცხადა, რომ იქნება ფრთხილად და აღნიშნულ ხვრელს გააკონტროლებს”, – განმარტა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მსგავს შემთხვევებს არეგულირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი