ახალი ამბები

სოფელ სამებაში გველების მომრავლების გამო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – „ნორი“

29 აპრილი, 2022 • 5697
სოფელ სამებაში გველების მომრავლების გამო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – „ნორი“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, ქვეწარმავლების მომრავლების გამო, სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „ნორი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გველები შენიშნეს როგორც სკოლის შენობის შიგნით, ასევე, მის მიმდებარედ, რის გამოც სოფელში არსებული საჯარო სკოლა უკვე მეორე კვირაა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორმა დისტანციურ მოდელზე გადასვლის მიზეზებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება სწორედ ქვეწარმავლების მომრავლებას უკავშირდება:

„საკლასო ოთახებსა და სამასწავლებლოში შემოდიან. ძველი სკოლაა და შეიძლება საძირკველში არიან. ეზოშიცაა, კედლებზეც. სხვადასხვა ჯიშის ოჯახები არიან, ერთმანეთში არიან გადახლართულები. 10 წელია აქ ვარ, კბენის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ეშინიათ ბავშვებს”, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან” ქართული ენის მასწავლებელი, გულნაზი ჩილინგარაშვილი.

მისივე თქმით, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლაში საწავლო პროცესი შენობის და ეზოს შეწამვლის შემდეგ განახლდება.

“მეორე კვირაა დისტანიურად ვართ და, სავარაუდოდ, ერთი კვირა კიდევ ვიქნებით, ტერიტორია უნდა შეიწამლოს. გველები სოფელშიც ბევრია. მადათაფას ტბაა ჩვენთან ახლოს და, სავარაუდოდ, მიზეზი ესაა”, – ამბობს მასწავლებელი.

რადიო „ნორის“ ცნობით, სკოლაში სულ 14 მოსწავლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი