ახალი ამბები

სენატორებთან განვიხილე რუსეთის უკანონო გეგმები აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნაზე – ზურაბიშვილი

17 თებერვალი, 2024 • 2077
სენატორებთან განვიხილე რუსეთის უკანონო გეგმები აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნაზე – ზურაბიშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სენატორებს, ჯინ შაჰინსა და ტომ ტილისს, შეხვდა.

ზურაბიშვილის თქმით, სენატორებთან შეხვედრისას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ ისაუბრეს.

„მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშორსა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე.

ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ“, – დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.


ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი