საზოგადოება

რამ გამოიწვია სტიქია შოვში — გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება

6 აგვისტო, 2023 • 3822
რამ გამოიწვია სტიქია შოვში — გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველად დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

მათ შორის, სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექების მოსვლას წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებს და ღვარცოფის გავლას.

უფრო კონკრეტულად, დასკვნაში ნათქვამია, რომ ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში:

„აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება“ — ვკითხულობთ დოკუმენტში.

სტიქიის შეფასების პირველად ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების თქმით, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.

დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი, დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე გაიშალა შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე დაახლოებით 26 ჰექტარზე, სადაც დაფარა აქ არსებული შენობა-ნაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველად შეფასებაში ვკითხულობთ, რომ ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში:

„წინასწარი შეფასებით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში დინამიკაში მოსული მყარი მასალის საორიენტაციო მოცულობა დაახლოებით 5 მლნ. მ3-ს შეადგენს, რომლის უმეტესი ნაწილი შევიდა მდ. ჭანჭახის და მდ. რიონის კალაპოტებში, ხოლო დაახლოებით 1.5 მლნ. მ3 აკუმულირდა სტიქიის ეპიცენტრში და ბუბისწყლის ხეობის ტრანზიტულ ზონაში“ — ვკითხულობთ დოკუმენტში.

სტიქიის გამომწვევი მიზეზები გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასების მიხედვით

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურებას, რელიეფის მაღალენერგეტიკულ პოტენციალთან ერთად, განაპირობებს:

  • მკაცრი კლიმატური პირობები – ნივალურ ზონაში ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა;
  • გამოფიტვის გამომწვევი აგენტების მიმართ ვულკანური და დანალექი ქანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება;
  • ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები;
  • კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე მდ. ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე;
  • მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში;
  • მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წყლები, უხვი ნალექის და გრუნტის წყლების მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება;
  • უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.

უწყებაში აცხადებენ, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს წარმოქმნილი კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.

დოკუმენტის ავტორების თქმით, ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. უწყების განცხადებით, მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

დასკვნა

უწყებაში აცხადებენ, რომ ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტების თქმით, მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდ. ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა).

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია.

„ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია; მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დამატებით ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, რის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შემდგომი ღონისძიებების განსახორციელებლად,“ — ვკითხულობთ დოკუმენტში.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, გიორგი ყარალაშვილი, სამირა ისაევა, ლუკა დუდაშვილი, დავით ბერიაშვილი გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი