ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ ქვეყნდებოდა მისი პრემიერობისას მთავრობის განკარგულებები, პასუხობს, რომ მთავრობაში ასეთი პრაქტიკა დახვდა:
„ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც დიდად დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. ჯერ ერთი, არ არის დადგენილი წესი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ გინდა თუ არა, ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული პრაქტიკა“, — თქვა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ მედია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ ჟურნალისტები განკარგულებებს მოითხოვდნენ, მათ შესაბამისი დოკუმენტები გაეგზავნებოდათ:
„თქვენ, მაგალითად, მედია… ერთხელ შემახსენეთ, როდის მოითხოვეთ ამა თუ იმ განკარგულების ასლი, მე, რა თქმა უნდა, გაგიზიარებდით“ ,— თქვა ღარიბაშვილმა.
აღნიშნულის საპასუხოდ ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს შეახსენეს ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდი ითხოვდა აღნიშნულ დოკუმენტაციას, თუმცა ვერ მიიღო. ღარიბაშვილმა აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა და ჟურნალისტს უთხრა, საკუთარ რიგს დალოდებოდა კითხვის დასასმელად, შემდეგ კი ბრიფინგი დაასრულა:
„თქვენ დაელოდეთ თქვენს რიგს“, — თქვა ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „ფორმულა“ გააკრიტიკა და დარბაზი დატოვა.
საქართველოს მთავრობა 2020 წლის 26 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვეყნებს საკუთარ განკარგულებებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. განკარგულებების დიდი ნაწილი კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, კორუფციული რისკის შემცველია. ამასთან, გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალე რეჟიმში მიღებით მთავრობა არა მხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით ირღვევა რამდენიმე სამართლებრივი აქტი, მათ შორის:
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე;
- მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
- მთავრობის დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.