ახალი ამბები

ნატოს ევროპული ქვეყნები ჯამურად წელს პირველად დახარჯავენ ეკონომიკის 2%-ს თავდაცვაზე

14 თებერვალი, 2024 • 737
ნატოს ევროპული ქვეყნები ჯამურად წელს პირველად დახარჯავენ ეკონომიკის 2%-ს თავდაცვაზე

ნატო ელის, რომ მისი 31 წევრი ქვეყნიდან 18 მიმდინარე წელს დააკმაყოფილებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ის თავდაცვაზე დახარჯვის კრიტერიუმს.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და გამოაქვეყნა ბლოკის თავდაცვის ხარჯების უახლესი მონაცემები, რომლებიც ევროპასა და კანადაში მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს.

მშპ და თავდაცვის ხარჯები 2015 წლის ფასებში (მლრდ აშშ დოლარი). წყარო: NATO

„გასულ წელს დაფიქსირდა [თავდაცვის ხარჯების] უპრეცედენტო, 11%-ით ზრდა ევროპის მოკავშირეებსა და კანადაში. წელს ველი, რომ 18 მოკავშირე დახარჯავს მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე. ეს კიდევ ერთი რეკორდული რიცხვია და ექვსჯერ მაღალია 2014 წელთან შედარებით, როდესაც მხოლოდ სამმა მოკავშირემ მიაღწია დასახულ მიზანს“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

2024 წელს ნატოს ევროპული ქვეყნები ჯამურად 380 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ თავდაცვაში.

„პირველად, ეს მათი ერთობლივი მშპ-ის 2%-ს შეადგენს“, — დასძინა სტოლტენბერგმა.

ალიანსის თავდაცვის ხარჯების უახლესი მონაცემების გამოქვეყნებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ის „წაახალისებდა” რუსეთს, თავს დასხმოდა ნატოს წევრებს, რომლებიც ბლოკის ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

ნატოს ქვეყნებმა 2014 წელს დაისახეს მიზნად, გაზარდონ სამხედრო ხარჯები და ეკონომიკის მინიმუმ 2% დახარჯონ თავდაცვაზე. 2014 წელს ბლოკის ევროპელი მოკავშირეები ერთობლივად თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,47%-ს ხარჯავდნენ თავდაცვაზე. ალიანსის ჯამური ხარჯები იმ დროისთვის, მართალია, 2.58%-ს შეადგენდა, თუმცა აშშ-ის კონტრიბუციის ხარჯზე.

2023 წლის მონაცემებით, თავდაცვის ხარჯების წილით მშპ-ში პირველ ადგილზეა პოლონეთი (3,9%) და უსწრებს თავად შეერთებულ შტატებს (3,5%). 2%+ კრიტერიუმს სულ 11 ქვეყანა აკმაყოფილებს, მათ შორის: საბერძნეთი (3%), ესტონეთი (2,7%), ლიეტუვა (2,5%), ფინეთი (2,4%), რუმინეთი (2,4%), უნგრეთი (2,4%), ლატვია (2,3%), გაერთიანებული სამეფო (2,1%) და სლოვაკეთი (2%).

POLITICO-ს ილუსტრაცია აჩვენებს, რომ რუსეთის ან უკრაინის მოსაზღვრე ყველა სახელმწიფო ასრულებს 2%-იან მიზანს.

2%-იანი ნიშნულისგან ყველაზე შორს არიან: ლუქსემბურგი (0,7%), ბელგია (1,1%), ესპანეთი (1,3%), თურქეთი (1,3%) და სლოვენია (1,3%).

2014 წელთან შედარებით, როდესაც ალიანსმა დაადგინა 2%-იანი მიზანი, 2023 წელს ყველა ქვეყანამ (გარდა თურქეთისა: 2014წ —1,4%; 2023წ — 1,3%) გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი. ამ საჭიროების წინაშე ევროპის ქვეყნები გამოკვეთილად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დადგნენ. აშშ-ში დონალდ ტრამპის პოტენციური არჩევა კიდევ უფრო ზრდის ევროპის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებას.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტობისას ხშირად აკრიტიკებდა ნატოს წევრებს, ვინც ცოტას ხარჯავდნენ შეიარაღებაზე და იმასაც ამბობდა, რომ შესაძლოა აშშ-ს უარი ეთქვა ნატოს ვალდებულებებზე და მხოლოდ ისინი დაეცვა, ვინც ზემოხსენებულ ვალდებულებას ასრულებდა.

ტრამპის თქმით, ის წაახალისებდა რუსეთს თავს დასხმოდა ნატოს იმ წევრებს, ვინც თავდაცვაზე ცოტას ხარჯავს

მასალების გადაბეჭდვის წესი