ახალი ამბები

მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება – სამინისტრო

13 თებერვალი, 2024 • 1091
მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარტიდან ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას.

როგორც სამინისტრო აცხადებს, პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.

„გასული წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე, ონკოქირურგიის სერვისები.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს.

მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც – თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უშუალოდ მწარმოებლისგან ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.

ამასთან,  ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი