ახალი ამბები

მთავრობის სტრატკომის უფროსად „იმედის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელი ინიშნება

9 თებერვალი, 2024 • 1379
მთავრობის სტრატკომის უფროსად „იმედის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელი ინიშნება

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მიშა ფეიქრიშვილი ინიშნება.

ამ პოსტზე ის ნინო გიორგობიანს შეცვლის.

პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაციას საზოგადოებას ორშაბათს, 12 თებერვალს მიაწვდის.

მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი. 2019-2023 წლებში კი მუშაობდა პარლამენტში — ჯერ თავმჯდომარის მრჩევლად მედიის საკითხებში, შემდეგ კი, პრესსამსახურის უფროსად. მიშა ფეიქრიშვილი GDS-ზე უძღვებოდა გადაცემას „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ამოცანებს შორის არის მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა; ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა და სხვა.

გასულ წელს Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომი არაავთენტურ ქცევაში ამხილა და წაშალა 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, ცხრა ჯგუფი და ორი ანგარიში Instagram-ზე, რომლებიც არღვევდა კომპანიის პოლიტიკას კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ.

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი