ახალი ამბებიკომენტარი

რაში დაიხარჯება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ნაჩუქარი $500 000

24 ოქტომბერი, 2018 • 3763
რაში დაიხარჯება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ნაჩუქარი $500 000

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარი მილიონ აშშ დოლარი გამოუყო. ამ დახმარების ფარგლებში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს 18-თვიან პროექტს “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში”. პროექტის მიზანს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი, “ნეტგაზეთს” ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძე ესაუბრა.

კონკრეტულად, როგორ აპირებთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია რითი იქნება განსხვავებული იმ პროექტებისგან, რომლებსაც ცენტრი აქამდე ახორციელებდა?

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის წარმოებას იმაზე, თუ რა სიკეთეები მოაქვს საქართველოსთვის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის პროდასავლური განვითარება. ეს პროექტი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის არსებულ მანდატს მთლიანად ეხმიანება, უბრალოდ, უფრო გაგვაძლიერებს. მაგალითიად, ცენტრის ამჟამინდელი ბიუჯეტი არის 600 000 ლარი, რაც სახელფასო ფონდსაც მოიცავს. ეს არც ისე ბევრია იმის გათვალისწინებით, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს და განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან გვიჭირს სწორი ინფორმაციის გავრცელება. უამრავი მითი და დეზინფორმაცია ვრცელდება განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, სადაც ადამიანებს, ენის ბარიერის გამო, ნაკლები წვდომა აქვთ სწორ ინფორმაციაზე და ზოგადად ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდისტული ინფორმაციით კი იგებენ, რომ ევროპა კულტურას და იდენტობას გვართმევს, ნატო-ში თუ გავწევრიანდებით, ტერიტორიებს დავკარგავთ და ა.შ. – ცნობილი მითები. თბილისში ეს პრობლემა ნაკლებად არის, ამიტომ პროექტი მთლიანად რეგიონებზე იქნება ორიენტირებული. პროექტის ბიუჯეტი არის 500 000 აშშ დოლარი, რაც საკმაოდ მოცულობითია, ანუ გაცილებით უფრო მასშტაბურს გახდის ჩვენს შესაძლებლობებს.

და როგორ აპირებთ ამ გაზრდილი შესაძლებლობების გამოყენებას?

პროექტი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან: პირველი არის საქართველოს ათივე რეგიონში ნატო-ევროკავშირის თემატიკის ირგვლივ დაგეგმილი პირდაპირი კომუნიკაცია (შეხვედრები, სემინარები, დისკუსიები, კონფერენციები) საჯარო მოხეელეებთან, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, მედიასთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან, ფერმერებთან და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან. ყველა სამიზნე ჯგუფისთვის ვაპირებთ მათზე მორგებული საინფორმაციო კამპანიის წარმოებას და დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებას. 10 რეგიონში დაახლოებით 650-მდე ღონისძიება უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, გაიხსნება ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 5 ახალი რეგიონული წარმომადგენლობა მარნეულში, პანკისში, შუახევში, ოზურგეთსა და ამბროლაურში. შედეგად, სულ 12 წარმომადგენლობა გვექნება. ამასთან, პროექტი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენივე რეგიონული ოფისიების თანამშრომლები გადავამზადოთ.

რაც შეეხება პროექტის მეორე კომპონენტს, ის რეგიონული მედიის ხელშეწყობას და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ თემატიკის გაზრდას ემსახურება. ამჟამად ნაკლებია ამ თემების დაფარვა რეგიონულ მედიაში, ასევე კვალიფიციური სიუჟეტების ნაკლებობასაც განვიცდით. კონკურსის გზით გამოვავლენთ 20 მედიასაშუალებას ათივე რეგიონში და მათზე გავცემთ მცირე გრანტებს. შერჩეულ მედიასაშუალებებს ჩვენი ქვეკონტრაქტორის “ინტერნიუსი – საქართველოს” მეშვეობით დავეხმარებით, მოამზადონ კვალიფიციური სიუჟეტები ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებული სხვადასხვა თემების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის პირველი კომპონენტის – პირდაპირი დიალოგის გზით ფართო საზოგადოებას ვერ მოვიცავთ, ამ მიზანს მედიასთან თანამშრომლობით შევავსებთ.

– თქვენც ახსენეთ და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას რუსული პროპაგანდის პრობლემა. რა არის ყველაზე გავრცელებული პროპაგანდისტული მითები ამ რეგიონებში? კიდევ რომელი ჯგუფები არიან მოწყვლადი რუსული პროპაგანდის მიმართ და რატომ?

– გამოვყოფ სამცხე-ჯავახეთს, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა არის დომინანტი ჯგუფი, და ქვემო ქართლს, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან კომპაქტურად დასახლებული. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ძალიან ცუდად ან საერთოდ არ ფლობენ სახელმწიფო ენას. ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ იმ პროგრამებთან, რომლებიც ქართული ენის შესწავლაში დაეხმარებათ და უფრო მეტად მინდობილი არიან რუსულ საინფორმაციო საშუალებებს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული მედია გაჯერებულია პროპაგანდით და დეზინფორმაციით, ჩვენ უკვე შეგვიძლია შეგვექმნას წარმოდგენა, რამდენად მოწყვლადნი არიან ეს ჯგუფები რუსული პროპაგანდის საფრთხეების მიმართ.

მითებს რაც შეეხება, იგივე ყველაზე გავრცელებული მითი, რასაც ნინოწმინდაში და ახალქალაქში შეხვდებით ნატო-სთან დაკავშირებით, არის ის, რომ ნატო-ში თუ მიგვიღებენ, მაშინვე თურქული სამხედრო ბაზა განთავსდება ახალქალაქში. რეალურად, ძალიან კარგად მუშაობს ეს რუსული პროპაგანდა – კარგად იცნობენ ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიას ყველა რეგიონში ყველაზე პატარა თემის მტკივნეულ წერტილებსაც კი და ამ ყველაზე მტკივნეულ წერტილებს ურტყამენ.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, იქ ზოგადად ნატო-ევროკავშირის თემატიკის მიმართ ცნობადობა არის დაბალი, საზოგადოება ნაკლებად არის ამ საკითხებზე ინფორმირებული. აქამდე არ გვქონდა რესურსი, ეს პროექტი კი გვაძლევს საშუალებას, სოფელ-სოფელ ვიაროთ და ყველა მუნიციპალიტეტი დავფაროთ.

გარდა ამისა, გამოვყოფდი კიდევ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა საოკუპაციო ხაზებთან ახლოს მცხოვრები მოსახლოება. ეს ხალხი არის ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, რადგან არა მხოლოდ რუსული რბილი ძალის საფრთხეების წინაშე დგას, არამედ ხისტ ძალასაც პირისპირ უყურებს. ესეც თავისებური პროპაგანდის ნაწილია იმიტომ, რომ ისინი ყოველდღიურად აწყდებიან რეალურ რუსულ ძალას – მავთულხლართები მუდმივად იწევა, მოქალაქეებს იტაცებენ, მეორე მხრივ კი, ვერ ხედავენ ვერანაირ ხსნას ამ სიტუაციიდან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ამიტომ ჩვენ მათ უნდა დავანახოთ ევროინტეგრაციის სიკეთეები და ზოგადად ის პერსპექტივები და შესაძლებლობები, რომლებიც დასავლური ინტეგრაციის გზაზე გვექნება.

თქვენ რას უპირისპირდებთ ამ პროპაგანდას?

ერთადერთი გზა არის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მხოლოდ მითების გაქარწყლებაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში მუდმივად მოწინააღმდეგის მოედანზე თამაში გიწევს, მოწინააღმდეგეს კი არაფერი უშლის ხელს, რომ დღეში მილიონი ტყუილი გაავრცელოს. ჩვენ ყველა მათი დეზინფორმაციის გაქარწყლებას უბრალოდ ვერ გავწვდებით, ამას არანაირი რესურსი არ ეყოფა. ამიტომ მეორე ხერხი, რაზეც შეჯერდა მთელი ცივილიზებული სამყარო და რაზეც მუდმივად კეთდება აქცენტი როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში, არის სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოება და გაუმჯობესება. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ რეაქტიული ხასიათის საინფორმაციო კამპანიები კი არ უნდა ვაწარმოოთ, არამედ ვიყოთ პროაქტიულები და თავად მოვყვეთ ჩვენი პოზიტიური ამბავი, ამ შემთხვევაში ის, თუ რა სიკეთეები და ახალი შესაძლებლობები მოაქვს დასავლურ ინტეგრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ქართულ საზოგადოებაში ძალიან მაღალია ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა, მაინც ძალიან ბევრია სამუშაო, ვინაიდან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს უფრო ემოციური არჩევანია, ვიდრე ცოდნით გამყარებული. ჩვენ გვინდა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის არჩევანი ეფუძნებოდეს კონკრეტულ ცოდნას, რადგან ასეთი ცოდნით შეიარაღებული ადამიანი ნაკლებ წამოეგება პროპაგანდის მესიჯებს. მაგალითიად, ადამიანი, რომელიც გათვიცნობიერებულია, რა ღირებულებების მატარებელია ევროკავშირი, არასოდეს დაიჯერებს, რომ შვედეთში ინცესტი დააკანონეს, ან რომ ევროკავშირი ბავშვების მონათვლას კრძალავს. ცოდნის პროაქტიულად გავრცელება ევროპულ ღორებულებებზე, ევროკავშირის სტრუქტურებზე, ჩვენი თანაშორმლობის ფორმატებზე დასავლურ ინსტიტუტებთან და იმის ახსნა, რატომ გვინდა ამ ინსტიტუტების წევრობა – ეს არის მთელი ლოგიკა ამ ახალი პროექტისა, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად წამოვიწყეთ.

გაქვთ თუ არა შემუშავებული მექანიზმი, რომლითაც მსგავსი ტიპის საინფორმაციო კამპანიების ეფექტიანობას გაზომავთ? მაგალითად, რამდენად შედეგის მომტანი იყო თუნდაც ბოლო საინფორმაციო კამპანია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით?

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ატარებს შიდა კვლევას, რის მიხედვითაც ჩვენ ვითვლით და ვზომავთ ჩვენი საინფორმაციო კამპანიების შედეგებს. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი შიდა მოხმარებისთვის და კვლევის შედეგებს არ ვასაჯაროებთ. როგორც წესი, ამ კვლევების შედეგები ემთხვევა NDI-ის გამოკითხვების მონაცემებს. ამ პროექტის ფარგლებშიც, დასაწყისში ჩავატარებთ კვლევას, რომლის მიხედვითაც გავარკვევთ ცოდნის დონეს, იმას, თუ სად არის ყველაზე დიდი საფრთხეები, რა სახის ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო და ა.შ. პროექტის დასრულების შემდეგ კი უკვე შედეგებს გავზომავთ.

ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ უკვე საკმაოდ მაღალია მოქალაქეების ინფორმირებულობა ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის წესების თაობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს აქვს განზრახვა, დაარღვიოს ეს წესები და დარჩეს შენგენის ზონაში. ამიტომ ჩვენი საინფორმაციო კამპანია ახლა მიმართულია იმ რისკების ახსნისკენ, რასაც საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნა ქმნის როგორც ქვეყნისთვის, ისე კონკრეტულად ამ მოქალაქეებისთვის, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი