ახალი ამბებისაზოგადოება

რას ამბობს ხურვალეთის ინციდენტი მთავრობის კრიზისულ კომუნიკაციებზე

19 მარტი, 2019 • 2215
რას ამბობს ხურვალეთის ინციდენტი მთავრობის კრიზისულ კომუნიკაციებზე

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – ეს სტატუსი სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა ლუდა სალიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე 15 მარტს დაწერა.

ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა, პანიკის საფუძველი გახდა და სოფლის შესასვლელისკენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრები დაიძვრნენ. ისინი, ისევე როგორც ჟურნალისტები, ხურვალეთში არ შეუშვეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ “ბორდერიზაციის ახალი ქმედებები და ინციდენტები” არ ფიქსირდებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა, მედიისთვის ეპასუხა, რომ რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ დასტურდება, თუმცა, ამავდროულად, მიუთითებდა, რომ “კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობდა”.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარი დარჩა, რეალურად რა მოხდა ხურვალეთში 15 მარტს – მართლა იყვნენ შემოსულები და მერე დატოვეს თუ არა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა. ეს გაუგებრობა კიდევ უფრო გააღრმავა თანამდებობის პირების ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა. მაშინ როცა სუსი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები უარყოფდნენ ინფორმაციას რუსი სამხედროების გადმოსვლის შესახებ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაადასტურა, რომ “ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხინვალის მხრიდან 3 ნიღბიანი შეიარაღებული პირი გადმოვიდა”.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კრიზისულ სიტუაციებში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაცია კითხვის ნიშნებს იწვევს. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა საზოგადოებას აცნობა, რომ მტაცებელი ცხოველები ქუჩაში არ იმყოფებოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრში, ლაგუნა ვერეზე ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა “უნებლიეთ არასწორი ინფორმაციის გავრცელების” გამო. კითხვები ამ კუთხით გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წელს მიმდინარე სპეცოპერაციის კუთხითაც არსებობდა კომუნიკაციების თვალსაზრისით.

საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების შესახებ, უცხოელი დონორების დაფინანსებით სახელმწიფო უწყებებში შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები (სტრატკომები), იმართება ტრენინგები, მათ შორის, კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციის შესახებ.

თუმცა, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კრიზისი თეორიას სცდება და რეალური ხდება?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ხელისუფლების პირველ პირებს არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, გამოცდილება და გუნდურობა, რაც კრიზისულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“როდესაც ქვეყანა ისეთ ვითარებაში ცხოვრობს, როგორშიც ჩვენ, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ყველაზე მთავარია პროაქტიული ინფორმაციის არსებობა. შეუძლებელია საუბარი იყოს რამე ტიპის კომუნიკაციაზე, თუკი ხელისუფლება მოქმედებს რეაგირების რეჟიმში; თუ ხელისუფლებას დაასწრებენ ხოლმე; თუ ხელისუფლება მუშაობს მხოლოდ იმაზე, რომ სერიოზულ პანიკაში არ გადაიზარდოს ნიშნები, რომლებიც  უკვე გაჩნდა. კონფლიქტი, ომი, შეიარაღებული დაპირისპირება, ოკუპაცია ისეთი ტიპის მოვლენებია, რომლებიც ბუნებრივად, თავისთავადად იწვევს ადამიანების სტრესტში ყოფნას. ამიტომ ხელისუფლების უპირველესი ამოცაანაა, იყოს მოვლენების თავში – თავად იყოს ინფორამციის წყარო და მისგან ელოდებოდეს საზოგადოება ამბავს. როგორც კი ხელისუფლება ექსკლუზიურობას კარგავს, კრიზისი მაშინვე დგება. მერე უკვე ყველაზე დიდი სიმართლეც კი, რომელიც ხელისუფლებისგან იქნება ნათქვამი, სიმართლედ აღარ აღიქმება ხოლმე საზოგადობის მხრიდან”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

აღსანიშნავია, რომ ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელებში მაშინვე მოჰყვა არაიდენტიფიცირებადი გვერდებისა და ანგარიშების მხრიდან – ლუდა სალიას და დავით ქაცარავას მადისკრედიტირებელი პოსტების განთავსება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მოსახლეობას მოუწოდებდნენ, არ აჰყოლოდნენ პანიკას, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაციების ნაწილი პროვოკაცია იყო.

“ეს იყო პროვოკაციული განცხადებები, რასაც საზოგადოებაში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით ადგილზე, სოფელ ხურვალეთში. აქ სიმშვიდეა, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებიც და არანაირი დაძაბულობა არ არის მოსალოდნელი”, – განაცხადა მან 15 მარტს ხურვალეთში.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის ფონზე დავით ქაცარავას მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ ჯერ კიდევ 13 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა დააანონსა.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეზე, რომელსაც ქართული მხარის მიერ მისივე მოქალაქეების პროვოკაციაში დადანაშაულება ქმნის.

“მე არაერთ განცხადებაში მოვისმინე, რომ აქტივისტებს მოუწოდებდნენ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ეს ძალიან დიდი გაუფრთხილებლობაა. არ შეიძლება საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ გამოიყენო სიტყვა “პროვოკაცია” იმიტომ, რომ პროვოკაციას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ რაღაცაში გადაიზარდოს და ესკალაცია მოხდეს. ნებისმიერი ასეთი განცხადება აუცილებლად დაგვხდება წინ მოლაპარაკებებში, სადაც ეს ციტატები იქნება გამოყენებული დასტურად იმისა, რომ საქართველოს მხარე დესტრუქციულ და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს. აუცილებელია, გამოირიცხოს ასეთი ტერმინებით შეფასება აქტივისტების, რომელთაც სრული უფლება აქვთ, გააპროტესტონ ოკუპაცია. უნდა გვესმოდეს, ჩვენ ყველა ერთ მხარეს ვართ და მტერი არის მეორე მხარეს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

უშიშროების საბჭოს ექს-მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პირიქით უნდა წაახალისოს სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ოკუპაციას აპროტესტებენ, და შექმნას სამართალდამცველ სტრუქტურებსა და ამ აქტივისტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პლატფორმა, სადაც მოხდება ინფორმაციის გაცვლა და, ერთი მხრივ, მათ ექნებათ საშუალება, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი, მეორე მხრივ კი, არ აღმოჩნდნენ ვითარებაში, როცა მტერმა შეიძლება, სათავისოდ გამოიყენოს კომუნიკაციის ხარვეზის გამო შემქნილი ვითარება.

რაქვიაშვილის თქმით, ჰიბრიდული ომის პირობებში, რომელშიც საქართველოს იმყოფება, აუცილებელია კომუნიკაციის გაუმჯობესება ხელისუფლებასა და საზოგადოების ინტერესჯგუფებს შორის, როგორებიცაა: სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო სექტორი და, პირველ რიგში, მედია.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის აზრით, საქართველოს ხელისუფლების ჩავარდნებს, სტრატეგიულ კომუნიკაციას აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები: პირველი იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგე ყოველ ჯერზე ხვეწს ჰიბრიდული ომების მეთოდებს და რესურსების ნაკლებობის პირობებში რთულია, ყველა ამ გამოწვევას დაუპირსპირდე; სუბიექტურ მიზეზებს შორის რაქვიაშვილი ასახელებს მთავრობის მხრიდან ხედვის არქონას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს, და ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციას მთავრობასთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა.

სტრატეგიული კომუნიკაცია უპირველესად ეფუძნება ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელებას და არა რეაქციულ რეჟიმში ყოფნას, ვინაიდან თუ ინფორმაციული ვაკუუმი შეიქმნა, ის აუცილებლად შეივსება ჭორებით (სიმართლით ან ტყუილით). ეს სადავო არ არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, თუმცა სოფიო ქაცარავა მიიჩნევს, რომ ხურვალეთის ინციდენტთან დაკავშირებით “მოხდა შესაბამისი რეაგირება და საზოგადოებას ხელისფულებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა”.

“მსგავს ინციდენტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ყოველთვის აქვს მყისიერი რეაგირება, ერთვება ადგილობრივი შესაბამისი უწყებები და ასევე, საერთაშორისო საზოგადოება. კომუნიკაციის კუთხით თუ შევხედავთ, ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ ხელისუფლება არასდროს გადადგამს უპასუხისმგებლო ნაბიჯს, რადგან ამ მიმართულებით გვაქვს მკაფიო პოლიტიკა და სტრატეგია, რაც საკმაოდ რთულ გარემოში და პირობებში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებას და გაძლიერებას ითვალისწინებს. ეს არის ძირითადი ხაზი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ქაცარავამ.

დავით ქაცარავას “პოპულისტური განცხადებები და ქმედებები კი”, სოფიო ქაცარავას შეფასებით, “არანაირად არ უწყობს ამ პროცესებს ხელს, თუმცა საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, სტაბილური გარემო კიდევ უფრო გამყარდეს, მეორეს მხრივ კი – ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პრინციპული პოზიციები მყარი რჩება”.

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნია 2017-2020 წლის კომუნიკაციის სტრატეგია, რომელშიც აღნიშნულია,  რომ “დოკუმენტი მორგებულია მშვიდობიან, არაკრიზისულ ვითარებას და მიზანშეწონილია, შემუშავდეს კრიზისული კომუნიკაციის სახელმძღვანელო და განისაზღვროს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა და როლი კრიზისულ და საომარ სიტუაციებში”.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა განვითარება ჰპოვა აღნიშნულმა რეკომენდაციამ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა კითხვით, აქვთ თუ არა კრიზისული კომუნიკაციის სტრატეგია ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში და სუს-ში ორი დღის განმავლობაში არ/ვერ გვიპასუხეს ზემოაღნიშნულ კითხვაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კრიზისული კომუნიკაციის დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო სახეს მიიღებს და დამტკიცდება მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად პრეზიდენტის სათათბირო ორგანო – უშიშროების საბჭო გაუქმდა. უფრო ადრე გაუქმდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც. ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე პრემიერ-მინისტრის ინფორმირებისა და მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადების, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  კრიზისულ კომუნიკაციებზე პასუხისმგებელი სწორედ ეს ორგანო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი