ახალი ამბები

კობახიძე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახალი შეფასების მექანიზმს ეწინააღმდეგება

8 თებერვალი, 2024 • 1106
კობახიძე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახალი შეფასების მექანიზმს ეწინააღმდეგება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგი არ განხორციელდება, რადგანაც, მისი შეფასებით, ეს მოვლენა ანტიკონსტიტუციურია.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კონკრეტულად ე.წ. ვეტინგზე იქნა ყურადღება გამახვილებული. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა არის ვეტინგი — იქმნება ერთგვარი არაფორმალური ჯგუფი კანონის საფუძველზე, მაგრამ არაფორმალური ჯგუფია, სადაც უცხოელებიც მონაწილეობენ და ხდება მოქმედი მოსამართლეების გადახედვა. შეიძლება, ეს ყველაფერი დასრულდეს მათი სისტემიდან გაშვებით, რაც არის ანტიკონსტიტუციური მოვლენა არა მარტო ქმედებით, არამედ მატერიალური თვალსაზრისით, თავისი არსით ეწინააღმდეგება ასეთი რამ კონსტიტუციასა და მის სულისკვეთებას. ასეთ დარღვევას აქვს ადგილი სხვადასხვა ქვეყანაში.

ერთ-ერთ ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ქალბატონი ნონა წოწორია არის ჩართული, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო. ვინც სწორედ მსგავსი მეთოდი გამოიყენა საქართველოში სასამართლო სისტემაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, იმ ადამიანის მოადგილე დღეს სხვა ქვეყანაში იმავე მეთოდს იყენებს. ვნახოთ, რით დასრულდება, მაგრამ წოწორიას რეფორმა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მის სულისკვეთებას და გარდა ამისა, ვეტინგი არის იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო. ეს არის შესაბამისი ქვეყნების უფლება.

უკრაინას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მოლდოვასაც შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არ არის შემდგარი სახელმწიფო. იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცებისგან განსხვავებით, საქართველო ნამდვილად არის შემდგარი სახელმწიფო, ინსტიტუციურად გამართული სახელმწიფო. ამიტომ წოწორიას რეფორმა ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ გადგა, რაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

კერძოდ, კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

ე.წ. ვეტინგი მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას გულისხმობს მათი კეთილსინდისიერების შესამოწმებლად.  ქვეყნებს შორის, რომლებმაც აღნიშნულ მეთოდს მიმართეს „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციით, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთია.

ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი