რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დე ფაქტო აიკრძალა 18+, ეროტიკული თემატიკის დახურული წვეულებები, იუწყება რუსული დამოუკიდებელი მედია „დოჟდი“.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, – Kinky Party, – რომელიც თითქმის რვა წელია, ასეთ წვეულებებს მოსკოვში ატარებდა, წერს, რომ საქართველოში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
„სამწუხარო ამბები გვაქვს. სახელმწიფო ორგანოებისგან მივიღეთ გაფრთხილება, რომ ჩვენი წვეულებების წინა ფორმატში ჩატარება შეუძლებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის შეეფერებოდა კანონმდებლობას და მიმართული იყო უსაფრთხო სივრცის შექმნაზე, მივიღეთ გაფრთხილება, რომ სექსთემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა დაუშვებელია.
ამ ეტაპზე ვაგრძელებთ ჩვენს ღონისძიებებს საქართველოში და იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნებშიც შეგხვდებით“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ტელეგრამ-არხში.
ომისა და რუსეთის ხელისუფლების დეკლარირებული ულტრაკონსერვატიული პოლიტიკის მიუხედავად, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ტარდებოდა სხვადასხვა თემატიკის ეროტიკული ხასიათის წვეულებები. ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პოლიტიკა გაამკაცრა დეკემბრის გახმაურებული „შიშველი წვეულების“ შემდეგ.







