ახალი ამბები

ბორის ნადეჟდინი რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს

8 თებერვალი, 2024 •
ბორის ნადეჟდინი რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს

რუსეთის ცესკომ გასცა რეკომენდაცია, უარი უთხრა ბორის ნადეჟდინს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, იუწყება „მედუზა“.

ფორმალური მიზეზი ის გახდა, რომ ნადეჟდინის კანდიდატურის მხარდამჭერთა ხელმოწერებში კომისიამ დასაშვებზე მეტი „ხარვეზი აღმოაჩინა“.

თავად ნადეჟდინი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს.

„მთელ რუსეთში 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შევაგროვე. ამას ღიად და პატიოსნად ვაკეთებდით. ჩვენს შტატებში [ხელმოწერის მსურველთა] რიგებს მთელი მსოფლიო აკვირდებოდა“, – ამბობს იგი.

ნადეჟდინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით ღიად ამბობდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს არ უჭერს მხარს. თუმცა მისი პოზიცია ამ და სხვა, მათ შორის საქართველოს საკითხებზე, არაერთგვაროვანია.

ჩასწორება, 8 თებერვალი, 13:47: ცესკოს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ამ ეტაპზე რეკომენდაციას გასცემენ, ნადეჟდინს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე. კომისიის წევრებს ჯერ არ ჩაუტარებიათ კენჭისყრა ამ საკითხზე. განცხადების რეგისტრაციაზე უარის შესახებ თავად ნადეჟდინმა გაავრცელა ინფორმაცია, მას დაეყრდნო მედია.

ჩასწორება, 13:58: ცესკომ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო ნადეჟდინისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

ვინ არის ბორის ნადეჟდინი?

1963 წელს დაბადებულმა ნადეჟდინმა პოლიტიკური კარიერა 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ არაერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ გაწევრიანებაში მოასწრო ყოფნა:

  • 1991-95 წლებში – „დემოკრატიული რეფორმების მოძრაობის“ წევრი. ამ პარტიის დამაარსებელთა შორის იყო ანატოლი სობჩაკიც, ვლადიმერ პუტინის მაშინდელი უფროსი;
  • 1995-99 წლებში იყო მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მხარდამჭერი „ერთობისა და თანხმობის პარტიაში“;
  • 1999-ში გადავიდა ბორის ნემცოვის „მემარჯვენე ძალთა კავშირში“, სადაც 2008 წლამდე დარჩა;
  • 2008-დან, „მემარჯვენე ძალათა კავშირის დაშლის“ შემდეგ, გაწევრიანდა „მემარჯვენე საქმეში“ და პარტია 2011 წელს დატოვა;
  • 2011-2022 წლებში არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, 2023-ში კი გაწევრიანდა „სამოქალაქო პლატფორმაში“, რომლის სახელითაც იყრის კენჭს.

პოლიტიკაში გატარებული 30 წლის დიდი ნაწილი ნადეჟდინმა სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოში გაატარა – მრავალი წელი იყო სხვადასხვა რეგიონული თუ მუნიციპალური პარლამენტის წევრი, 1999-2003 წლებში კი, რუსეთის სახელმწიფოს დუმის წევრი „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ სიიდან.

ამასთან ერთად, 1997-98 წლებში იყო ბორის ნემცოვის, მაშინდელი ვიცე-პრემიერის მრჩეველი და პრემიერ-მინისტრ სერგეი კირიენკოს [დღეისთვის პუტინის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკი] თანაშემწე.

ასევე, 2019 წელს ნადეჟდინი მოსკოვის ოლქის ქალაქ დოლგოპრუდნის საქალაქო საბჭოს არჩევნებზე კრემლის კონტროლირებადი, ე.წ. სისტემური ოპოზიციის პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ სიას ჩაუდგა სათავეში, თუმცა თავად პარტიის საქმიანობაში არ მონაწილეობდა. 2020 წელს გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომლითაც პუტინს პრეზიდენტის პოსტზე გატარებული ვადები გაუნულდა.

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, კრემლის ოფიციალური ხაზის საწინააღმდეგო განცხადებები ახასიათებს. მაგალითად, 2023 წლის მაისში ფედერალური ტელეარხის, „ენ-ტე-ვეს“ ეთერში ნათქვამი აქვს, რომ რუსეთს სჭირდება პრეზიდენტი, „რომელიც შეაჩერებს ამ ისტორიას [სრულმასშტაბიან შეჭრას] უკრაინასთან“; აგრეთვე, იგი საუბრობს პოლიტპატიმრების განთავისუფლების აუცილებლობაზე.

უკრაინასთან „ამ ისტორიის შეჩერების“ სურვილის მიუხედავად, ნადეჟდინმა Sova News-თან ინტერვიუში თავი შეიკავა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან, განაცხადა რა, რომ ეს არის „მოლაპარაკების, სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხი“. ამასთან ერთად,  თქვა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ვლადიმერ პუტინს არ გადასცემს, თუ პრეზიდენტი გახდება.

ამავე ინტერვიუში მას ჰკითხეს 2008 წელს რუსეთის შემოჭრაზე საქართველოში – წარსულში ნადეჟდინმა ამ ომში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ეს პოზიცია ახლაც შეინარჩუნა:

„კარგად არ მესმის, რისი იმედი ჰქონდა, როცა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. რაც გამოვიდა, ის გამოვიდა. პატივს ვცემ ქართველ ხალხს და, ბუნებრივია, მესმის ტკივილი 2008 წლის ამ ისტორიაზე… ბოლოს და ბოლოს, ესეც უნდა მოვაგვაროთ“.

ნადეჟდინმა პირდაპირ  არც იმას უპასუხა, მიიჩნევს თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად: „ყირიმისა და დონბასისგან განსხვავებით, რუსეთმა თავის შემადგენლობაში არც აფხაზეთი მიიღო და არც სამხრეთ ოსეთი. ესე იგი, არის საფუძველი რაღაც შეთანხმებისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი