ახალი ამბები

რამ გამოიწვია მეწყერი ბაღდათში — გარემოს სააგენტო განცხადებას ავრცელებს

7 თებერვალი, 2024 • 1243
რამ გამოიწვია მეწყერი ბაღდათში — გარემოს სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთიში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირს კი ამ დრომდე ეძებენ.

სააგენტოში ამბობენ, რომ 2024 წლის 7 თებერვალს მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების განცხადებით, მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება).

სააგენტოს განცხადებით, მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში- 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს:

„რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში, მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა“, — აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში:

„კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები.

უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში, გაააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით- მაღალმთიან ზონებში.სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას“, — აცხადებენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი