ახალი ამბები

რუსეთში საქართველოს სუსი შეაქეს ასაფეთქებლის აღმოჩენის გამო

6 თებერვალი, 2024 • 5200
რუსეთში საქართველოს სუსი შეაქეს ასაფეთქებლის აღმოჩენის გამო

რუსულ სამთავრობო მედიებში აფასებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) განცხადებას საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანის მცდელობასთან დაკავშირებით.

სუს-ის განცხადებაზე არაერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ დაწერა, მათ შორის, ორმა ყველაზე დიდმა სამთავრობო ონლაინ-სააგენტომ – „რიამ“ და „ტასმა“.

ორივე მათგანმა ერთი და იმავე ექსპერტთან ჩაწერა ინტერვიუ. ის ამბობს, რომ მომხდარი „კარგი პოლიტიკური ფაქტორია“.

„ვფიქრობ, ასაფეთქებლის დაკავება მაინც, ალბათ, ჩვენი სპეცსამსახურების დახმარებითაც [მოხერხდა], რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია. ქართველებმა კარგად იმუშავეს, ვფიქრობ, ეს კარგი პოლიტიკური ფაქტორია, რომ საქართველო მაინც მოუბრუნდება რუსეთს და ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდება“, – ეუბნება „ტასს“ სერგეი გონჩაროვი, სპეცრაზმის დანაყოფ „ალფას“ ვეტერანთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.

რუსეთის მეორე სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რიასთან“ საუბარში მანვე განაცხადა, რომ ასაფეთქებლის ტრანსპორტირების მარშრუტი მსგავსია იმისა, რომელიც 2022 წელს ყირიმის ხიდზე გამოიყენეს.

„არა მგონია, უკრაინულ სპეცსამსახურებს შეეცვალათ ტერაქტების მომზადების კონცეფცია. ის მათ აწყობთ, ვინაიდან ჰყავთ აგენტურა რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში“, – აცხადებს გონჩაროვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი