ახალი ამბები

„დინამიკა დადებითია, თუმცა მყარი პროგნოზის საშუალებას არ იძლევა“ — ომბუდსმენის კონსილიუმი

5 თებერვალი, 2024 • 573
„დინამიკა დადებითია, თუმცა მყარი პროგნოზის საშუალებას არ იძლევა“ — ომბუდსმენის კონსილიუმი

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალისტების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიკურ ტესტში.

თუმცა, სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმის წევრების თქმით, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

კონსილიუმის აზრით, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი წელიწადნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იგივე ხარისხისაა.

შესაბამისად, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას, მყარი დადებითი პროგნოზები იქნას გაკეთებული.

კონსილიუმის წევრები აღნიშნავენ, რომ 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად.

25 იანვრის ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა და ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

  • თენგიზ წულაძე
  • გიორგი კაჭარავა
  • ნინო ზავრაშვილი
  • გიორგი გრიგოლია
  • გრიგოლი ხურციძე
  • გიორგი პაპიაშვილი
  • აიდა გოზალოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი