ახალი ამბები

სუსი განმარტავს, რატომ ჩატარდა ჩხრეკა ბექა ვარდოსანიძის სახლში

31 იანვარი, 2024 • 1261
სუსი განმარტავს, რატომ ჩატარდა ჩხრეკა ბექა ვარდოსანიძის სახლში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ეს მუხლი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

“ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე, მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

პრორუსულ, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე ამჟამად სუს-ის შენობაში იმყოფება.

როგორც მისმა ადვოკატმა, სერგი ხურციძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ვარდოსანიძე გადაიყვანეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით მიმდინარე საქმეზე [სსკ-ის 331-ე მუხლი].

„ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში წამყვანის განცხადებით, ვარდოსანიძის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა და წაიღეს „მთელი აპარატურა და ტექნიკა“; იგი ახლა მოდულის შენობაშია და „სავარაუდოდ, [წინასწარ] პატიმრობაში უპირებენ დატოვებას“. „ეს არის პოლიტიკური რეპრესია“, – ამბობენ „ალტ-ინფოს“ წამყვანები.

მუხლი, რომელსაც სუსი ასახელებს, ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი