საზოგადოება

ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკეს, ის კი სუსში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

31 იანვარი, 2024 • 3076
ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკეს,  ის კი სუსში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

შესწორება: თავდაპირველად ნიუსში აღნიშნული იყო, რომ ბექა ვარდოსანიძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 31 იანვარს, 11:32 საათზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვარდოსანიძე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე იკითხება. 

ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე სუს-ში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, სერგი ხურციძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ვარდოსანიძეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით [სსკ-ის 331-ე მუხლი] დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

„ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში წამყვანის განცხადებით, ვარდოსანიძის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა და წაიღეს „მთელი აპარატურა და ტექნიკა“; იგი ახლა მოდულის შენობაშია და „სავარაუდოდ, [წინასწარ] პატიმრობაში უპირებენ დატოვებას“. „ეს არის პოლიტიკური რეპრესია“, – ამბობენ „ალტ-ინფოს“ წამყვანები.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.

“ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე, მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი