ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილედ ირინე ჩიხლაძე დაინიშნა

29 იანვარი, 2024 • 937
სახალხო დამცველის მოადგილედ ირინე ჩიხლაძე დაინიშნა

სახალხო დამცველის მოადგილედ ირინე ჩიხლაძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ირინე ჩიხლაძე სახალხო დამცველის აპარატში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდა, სადაც 2020-2024 წლებში ჯერ კომპანიის დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამასთან ერთად, იგი  არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი კონკურენციის სამართალსა და ევროპის სამართალში:

„გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ირინე ჩიხლაძე მუშაობდა მიუნხენში (გერმანიაში) ბავარიის სადაზღვევო პალატის ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში, იყო გერმანიაში ქართველთა გაერთიანების გამგეობის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარგზავნილი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ირინე ჩიხლაძე დღემდე არის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის (LMU) იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. მინიჭებული აქვს ასევე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. მაგისტრატურის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო სემესტრი გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა გერმანიის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში (ბონში) და გერმანიის პარლამენტის ბიუროს აპარატში (ბერლინში); ასევე, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, საქართველოს პარლამენტის ბიუროს აპარატში, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში“ ,— აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველის თქმით, ირინე ჩიხლაძე არის ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მოქმედი პროექტის TechGirls Georgia-ს ავტორი და მენეჯერი. ამასთან, გამოცემული აქვს ნაშრომები და პუბლიკაციები პოლიტიკის, საჯარო და სისხლის სამართლის მიმართულებით.

ლევან იოსელიანის ომბუდსმენად არჩევის შემდეგ აღნიშნულ თანამდებობას ნათია ჯულაყიძე იკავებდა, რომელიც ლევან იოსელიანის ყოფილი თანაპარტიელის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის დისშვილია. ის სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას 2023 წლის აპრილიდან იკავებდა, დეკემბერში კი პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი