ახალი ამბები

SJC მოუწოდებს მთავრობას, შეაჩეროს დაგეგმილი გამოსახლებები

23 იანვარი, 2024 •
SJC მოუწოდებს მთავრობას, შეაჩეროს დაგეგმილი გამოსახლებები

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან.

ორგანიზაციის განცხადებით, კეკელიძის #1 ნომერში ხატიაშვილების ოჯახის დღევანდელი გამოსახლება ბოლო წლებში სამართალდამცავების მხრიდან გამორჩეული სისასტიკით და ძალის გამოყენებით გამოირჩეოდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ გამოსახლების პროცესში გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყოები და შედუღებული სახლის კარი ამ გზით გახსნეს. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და დაკავებული აქტივისტების ნაწილს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოსახლებას თან ახლდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენება და აქტივისტების დაკავება. განცხადების ავტორების თქმით, ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილია 20 აქტივისტი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 12 ადამიანის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, ხოლო ნაწილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია. შესაბამისად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაკავებულების ამ ნაწილთან ადვოკატების დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„აღსანიშნავია, რომ გამოსახლების პროცესში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასაც, არსებული ინფორმაციით, „მაუწყებლის“ ჟურნალისტი სამართალდამცავებმა მის საკუთრებაში არსებული მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. დააკავეს “მთის ამბების” რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიც.

უახლოეს პერიოდში ჩვენ დაკავებულების და მათ საქმეზე მიმდინარე პროცესების დეტალურ შეფასებას გამოვაქვეყნებთ. მანამდე კი უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის აშკარაა, რომ პოლიციელების მხრიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დემონსტრაციულად რეპრესიული და აგრესიული მანერა, ერთი მხრივ, მევახშეობის წინააღმდეგ ამ ოჯახის, ადგილობრივი სამეზობლოსა და აქტივისტური ჯგუფების ბრძოლის დასუსტებას, მეორეს მხრივ კი, სხვა ადგილებში დაგეგმილი იძულებითი გამოსახლებების პროცესის “გამარტივებას” ისახავს მიზნად“ ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ იძულებითი გამოსახლება ზამთარში, ოჯახისთვის ჯეროვანი საცხოვრებელი ალტერნატივების შეთავაზების გარეშე, არღვევს მთელ რიგ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, პირველ რიგში, სათანადო საცხოვრისზე უფლებას.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა დააზღვიოს იძულებითი გამოსახლების მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგები, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობისა და გამოსახლების პროცედურების იმგვარ რეგულირებას, რომელიც ასიმეტრიულ ეკონომიკურ ურთიერთობებში დაიცავს ადამიანებს თვითნებობისა და ჩაგვრისგან, მეორე მხრივ კი, შექმნის საცხოვრისის იმგვარ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარობის წინაშე მდგარი ადამიანებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის გარანტიას:

ამის ნაცვლად, საქართველოში ვხედავთ მდგომარეობას, როდესაც კაბალური სასესხო ხელშეკრულებების გზით ადამიანები კარგავენ უძრავ ქონებას და ხშირად უკანასკნელ საცხოვრებელსაც. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისების პროცესში, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მიღმა, აქტიურად არიან ჩართული კერძო ფიზიკური და იურიდიული პირები, ე.წ. მევახშეები. კვლევის თანახმადაც, ბოლო წლებში იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებული უძრავი ქონების 50 %-ზე მეტი ფიზიკური პირების და სხვა იურიდიული პირების, ანუ მევახშეების მიერ იყო რეალიზებული

მოსახლეობის ეკონომიკურად უფრო სუსტი ნაწილი, რომელსაც არ აქვს სათანადო საფინანსო ისტორია და რესურსები და ამდენად, შეზღუდული აქვს წვდომა საბანკო კრედიტზე, კიდევ უფრო მძიმე პირობებით იღებს ვალს კერძო პირებისგან. ხშირად ეს არა სესხის, არამედ „ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით“ ხდება, რომელიც მსესხებელს კიდევ უფრო სუსტ სამართლებრივ დაცვას აძლევს.

კერძო კრედიტორების მხრიდან მუდმივად აქვს ადგილი სესხებზე მაღალი წლიური საპროცენტო განაკვეთის დაწესებას, ასევე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების არაპროპორციულ წესს, სესხების გადაყიდვას სხვადასხვა და რამდენიმე კრედიტორზე, მაღალი მოსაკრებლის დაწესებას ე.წ. შუამავალ პირებზე. როგორც კვლევაც აჩვენებს, მევახშეების უპირატესი ინტერესი სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლება და არა ვალის ამოღებაა. ზოგიერთ შემთხვევაში მთლიანობაში მსესხებელი მევახშეს გაცილებით მეტ თანხას უხდის, ვიდრე აღებული ვალის თავდაპირველი ღირებულება იყო“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამდენად, „სოციაური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ მაღალპროცენტიანი და კაბალური ვალის გადახდის პროცესში მსესხებელი მუდმივ ფინანსურ დეფიციტსა და სიღარიბეს განიცდის, ბოლოს მიზერულ ფასად აუქციონზე გატანილ ქონებას კარგავს და ოჯახთან ერთად ქუჩაში, საცხოვრებლის გარეშე დარჩენის რისკების წინაშე დგება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ იძულებითი აუქციონის პროცესში ხშირად ქონების სპირალური გაუფასურება ხდება, რის გამოც ქონება მისი თავდაპირველი ღირებულების 5 %-ადაც კი შეიძლება გაიყიდოს:

„სამწუხაროდ, არსებული საკანონმდებლო სისტემა არ იცავს მოქალაქეებს არც კაბალური ურთიერთობებისგან (პროცენტის, პირგასამტეხლოს მარჟის თუ აუქციონის პროცედურების სათანადო რეგულირების გზით) და არც ქუჩაში, საცხოვრებლის გარეშე დატოვების უმძიმესი სოციალური რისკებისგან. ცხადია, რომ ეს რისკები განსაკუთრებით მძიმეა მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და შშმ პირების მიმართ. ხშირად საცხოვრებლის დაკარგა მიგრაციას, ჯანმრთელობის გაუარესებას, ოჯახების დეზინტეგრაციას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ირკვევა, მიმდინარე კვირაში საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების წინაშე მდგარი სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს დარჩენილი ვალი, თუმცა ამის მიღწევა მევახშეების და შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების ნების არარსებობის გამო შეუძლებელი ხდება. ამ პროცესში კი სახელმწიფოს არ აქვს მოქალაქეების სასიცოცხლო სოციალური ინტერესების დაცვის მექანიზმი და საბოლოოდ ის ძლიერი ეკონომიკური ინსტიტუტების და მევახშეების ნების პირდაპირი გამტარებელი ხდება.

ზოგადად, ჭარბვალიანობა ჩვენი ქვეყნის მძიმე გამოწვევაა და ვალი სიღარიბეში მყოფი ოჯახებისთვის საჭირო შემოსავლების მიღების და კრიზისების დაძლევის ერთადერთ გზად იქცევა ხოლმე. სხვადასხვა წლების მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ყოველთვიურად ვალის მომსახურებისათვის იხდის. 2015 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს ბანკის ვალი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, არსებითია გავიაზროთ, რომ ჭარბვალიანობა ქვეყანაში სიღარიბის შედეგი, მისი ფორმაა. საინტერესოა ისიც, რომ ქვეყანაში საგანგაშოდ მაღალია პრობლემური სესხების მოცულობა და მისი ზრდის ტემპი და ყველაზე დიდი წილი ამ პრობლემისა სწორედ სიდუხჭირეში მყოფ შინამეურნეობებზე მოდის და საბოლოოდ ამ პროცესში ყველაზე სუსტები კიდევ უფრო ღარიბდებიან და მოწყვლადები ხდებიან“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, SJC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • გამოავლინოს პოლიტიკური ნება და დაუყოევნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან;
  • დააწესოს მორატორიუმი უკანასკნელი საცხოვრიდან გამოსახლების პრაქტიკაზე და მორატორიუმის პერიოდი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და იმგვარი სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემოს ჩამოსაყალიბებლად, რაც საცხოვრისის უფლებას დაიცავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • გაათავისუფლოს შეკრების ადგილზე, სავარაუდოდ, თვითნებურად დაკავებული პროტესტანტები და დაიწყოს გამოძიება პოლიციის და აღსრულების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის სავარაუდო გამოყენებისა და ღირსების შელახვის ფაქტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი