ახალი ამბები

პროფესიული განვითარების სქემა არ არის მორგებული არაქართულელოვანი სკოლების მასწავლებლებზე – ომბუდსმენი

22 იანვარი, 2024 • 583
პროფესიული განვითარების სქემა არ არის მორგებული არაქართულელოვანი სკოლების მასწავლებლებზე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს მოუწოდებს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მოარგოს არაქართულენოვანი სკოლებისა თუ სექტორების მასწავლებლებს. ომბუდსმენმა ეს განცხადება მასწავლებელთა მიმართვის შემდეგ გაავრცელა.

“სახალხო დამცველის აპარატს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 461 მასწავლებელმა მიმართა, ისინი მიუთითებდნენ, რომ განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები სათანადოდ ვერ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ მთელ რიგ სისტემურ გამოწვევებს.

განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულე, რაც მათი პრაქტიკოსი მასწავლებლების კატეგორიიდან ამორიცხვას და მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევას გამოიწვევს”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა კოორდინირებულად უნდა დაგეგმონ აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს არაქართულენოვანი სკოლებისა თუ სექტორების მასწავლებლებისთვის სტატუსის დროულ და ეფექტიან ცვლილებას.

გავრცელებულ განცხადებაში საუბარია სახელმწიფო ენის ცოდნის ხელშეწყობაზეც. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში უნდა დაინერგოს სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამები უფროსი თაობის მოქალაქეებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი