ახალი ამბები

წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა „ვივამედზე“, სადაც სააკაშვილი მკურნალობს

18 იანვარი, 2024 • 2089
წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა „ვივამედზე“, სადაც სააკაშვილი მკურნალობს

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის (CPT) დელეგაცია 2023 წლის 25-27 მარტს კლინიკა „ვივამედში“ თავისი ვიზიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში „მთლიანობაში მისაღებადაა“ შეფასებული კლინიკაში არსებული პირობები. სწორედ „ვივამედში“ მკურნალობენ პატიმრები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კლინიკას დიდი ხანია, არასათანადო მკურნალობასა და მოპყრობაში ადანაშაულებს.

თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ განყოფილებებში, სადაც მსჯავრდებულები არიან მოთავსებულნი, კლინიკა მოკლებულია შესაძლებლობას, შესაბამისი სამკურნალო გარემო უზრუნველყოს, ვინაიდან გადაწყვეტილებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იღებენ პენიტენციური სამსახურის და არა კლინიკის თანამშრომლები. დელეგაციის წევრების თქმით, ვიზიტისას კლინიკის ადმინისტრაცია მათთან კარგად თანამშრომლობდა.

ქვემოთ მოცემულია ანგარიშის მთავარი მიგნებები [მუქად] და ამ მიგნებებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხი.

ანგარიშის თანახმად, კლინიკაში მყოფ მსჯავრდებულებს არ ჰქონიათ პრეტენზია შეუსაბამო მკურნალობაზე, თუმცა დაფიქსირდა ორი საჩივარი: ერთ-ერთი პაციენტის თქმით, 2022 წლის 10 ოქტომბერს რამდენიმე ბადრაგმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის მიადო ანთებული სიგარეტი მის გენიტალიებს. 

იუსტიციის სამინისტროს ამაზე პასუხი არ გაუცია.

დელეგაციიისთვის ცნობილი გახდა პაციენტ C-ის [მიხეილ სააკაშვილის] ფორმალურ საჩივარსა და ფიზიკურ ძალადობაზე 2021-ის ნოემბერში ციხიდან კლინიკაში გადაყვანისას. სააკაშვილის განცხადებით, ხუთი ბადრაგი მას თავს დაესხა, იატაკზე ძალით დააწვინა მტკივნეულ და დამამცირებელ პოზაში და რამდენჯერმე დაარტყა.

იუსტიციის სამინისტროს ამაზე პასუხი არ გაუცია.

მატერიალური პირობები „ვივამედში“ მთლიანობაში ადეკვატური იყო; პაციენტთა პალატები იყო დიდი, კარგ მდგომარეობაში, კარგი ვენტილაციით, განათებითა და სისუფთავით. პაციენტებს ჰქონდათ წვდომა საპირფარეშოსა და შხაპზე. 

იუსტიციის სამინისტროს ამაზე პასუხი არ გაუცია.

თითქმის ყველა ოთახში იყო დიდი ფანჯრები, რომლებიდანაც დღის შუქი შემოდიოდა, თუმცა, არა სააკაშვილის ოთახში, სადაც ფანჯრების გაღება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ხოლო შუშის ტიპიდან გამომდინარე, გარეთ რამის დანახვა არ იყო შესაძლებელი.

ანგარიშშივეა აღნიშნული, რომ ხელისუფლებამ ფანჯრები შეცვალა და დღის შუქი და გარე სივრცის ხედი ხელმისაწვდომი გახდა, რასაც კომიტეტი მიესალმება.

სააკაშვილის პალატაში საკმაოდ იყო ავეჯი, მაგრამ სხვა შემთხვევა იყო სხვა პალატები, სადაც დიდწილად მხოლოდ საწოლები იყო, თუმცა, არა მაგიდები და სკამები. კომიტეტის რეკომენდაციაა, სხვა პაციენტების პალატებშიც შეიტანონ ავეჯი. ამასთან ერთად, მხოლოდ სააკაშვილის პალატაში იყო გასართობი საშუალებები (ტელევიზორი, ბეჭდური და ონლაინ-მედია), ხოლო სხვა პაციენტებს ამაზე არ ჰქონდათ წვდომა. ისინი ასევე მოკლებულნი იყვნენ ახლობლებთან კავშირს.

იუსტიციის სამინისტროს პასუხის თანახმად, პენიტენციურმა სამსახურმა სხვა პალატებშიც დადგა სკამები და მაგიდები; აგრეთვე, კიდევ ორ პალატაში დამონტაჟდა ტელევიზორი. გარდა ამისა, დამონტაჟდა ტელეფონები პაციენტებისა და ოჯახის წევრების, ადვოკატების და სხვების კომუნიკაციისთვის.

პაციენტებს არ ჰქონდათ გარეთ, სუფთა ჰაერზე გასვლის საშუალება, რაც არა მარტო ჩაგრავს პაციენტებს, არამედ მკურნალობასაც უშლის ხელს. უფრო მეტიც – ზოგი პაციენტი მხოლოდ საკუთარ პალატაში იყო და არ ჰქონდა საშუალება სხვებთან ურთიერთობისთვის, ზოგჯერ- საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშიც. მათ შორის ასეთია ვითარება სააკაშვილისთვის, რომლის ყოფაც სამარტოო საკანში ყოფნის მსგავსად შეიძლება ჩაითვალოს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციური სამსახური მუშაობს მსჯავრდებული პაციენტებისთვის გასასეირნებელი სივრცის მოწყობაზე.

უწყების განცხადებითვე, სააკაშვილი აქტიურად კონტაქტობს გარე სამყაროსთან, – „მას ყოველდღე სტუმრობს ოჯახის წევრი შეუზღუდავი წვდომით“, – და უარს ამბობს გარეთ გასვლის უფლებაზე. „ხელისუფლება არ იზიარებს შეფასებას, რომ სააკაშვილის ყოფა სამარტო საკანში ყოფნის მსგავსია“, – ვკითხულობთ პასუხში.

შემაშფოთებელი იყო სამედიცინო ჩანაწერების ხარისხი – არ იწარმოება შესაბამისი ყოვლისმომცველი და ქრონოლოგიური ჩანაწერები. ყველა ექიმს ჰქონდა თავისი ჩანაწერები, და შეუძლებელი იყო, პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან გაცნობა ყველა ექიმთან გასაუბრების გარეშე. ეს აგრეთვე მიუთითებს ინდივიდალური მკურნალობის გეგმების არქონაზე.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ჩანაწერების წარმოება სამოქალაქო კლინიკაში სწორედ კლინიკის თანამშრომლების მოვალეობაა. რაც შეეხება ინდივიდალური მკურნალობის გეგმას, უწყებაში აცხადებენ, რომ ის გადაეცა ევროპის ადამიანის უფლებათა, იგივე „სტრასბურგის სასამართლოს“, რომელმაც მასში ხარვეზი ვერ იპოვა.

კომიტეტის შეფასებით, კიდევ ერთი სერიოზული ხარვეზია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ ჰყავს დასაქმებული ფსიქიატრი და კლინიკური ფსიქოლოგი. მართალია, კლინიკას შეუძლია ამ სპეციალისტების მოწვევა, მაგრამ სააკაშვილის სიტუაცია აჩვენებს, რომ პრაქტიკაში ეს კარგად არ მუშაობს.

პასუხის თანახმად, სააკაშვილი თავად ამბობს უარს ამ პროფილის სპეციალისტების დახმარებაზე, „რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“.

როგორც CPT წერს ანგარიშში, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არა მარტო აკონტროლებდნენ პალატის შესასვლელებს, არამედ ხშირად იყვნენ პაციენტების პალატებში. [..] მხოლოდ ბადრაგებს ჰქონდათ გასაღები ყველა ოთახისთვის და სამედიცინო პერსონალს წვდომისთვის მათგან უწევდა ნებართვის მიღება. ისინი წყვეტდნენ, რომელი პაციენტი რომელ პალატაში მოთავსდებოდა და ფართო წვდომა ჰქონდათ პაცინეტთა სამედიცინო ინფორმაციაზე. მათ ასევე შეეძლოთ, სურვილისამებრ სამედიცინო კონსულტაციაზე დასწრება. კიდევ უფრო მჩაგვრელი ატმოსფერო იყო სართულზე, სადაც სააკაშვილია მოთავსებული – იქ ყველა ადგილას, სადაც პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს [გარდა შხაპისა და საპირფარეშოსა], განთავსებულია სათვალთვალო კამერები.

სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო კლინიკაში პატიმრების გადაყვანისას დაწესებულებაში ეწყობა ბადრაგებისგან შემდგარი უსაფრთხოების შესამოწმებელი პუნქტი, რისი მიზანიცაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ინციდენტების თავიდან არიდება, ხოლო ბადრაგები სრულიად ითვალისწინებენ სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებს და არ ერთვებიან სამედიცინო საქმიანობაში. ვიდეოთვალთვალი კი, სამინისტროს განცხადებით, კანონის შესაბამისადაა დამონტაჟებული, მიმართულია სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და მის მიმართ წამების/არაადამიანური-დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებზე პასუხის გასაცემად.

მასალების გადაბეჭდვის წესი