ახალი ამბები

მატრონას ხატი შესასწორებლად სამების დაცულ სივრცეში გადაიტანეს

17 იანვარი, 2024 • 1842
მატრონას ხატი შესასწორებლად სამების დაცულ სივრცეში გადაიტანეს

მატრონას ხატი შესასწორებლად სამების ტაძრის დაცულ სივრცეში გადაიტანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი Facebook-ში ავრცელებს.

„ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ“, — წერს არქიმანდრიტი.

7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის გამოსახულებაც გვხვდება. ინფორმაცია დისკუსიის საგნად იქცა. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა.

9 იანვარს ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები, მომდევნო დღეს კი სახლთან აქცია მოჰყვა. 10 იანვარს აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს. ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.

11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სტალინის გამოსახულებიან ხატში „ცვლილებების შეტანას“ გეგმავენ, ამის მიზეზი კი, წმინდა მატრონასთან სტალინის შეხვედრის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებებია.

საპატრიარქოს განცხადებით, სტალინის გამოსახულებიან ხატში „ცვლილებების შეტანას“ გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი