ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელების აიოვის არჩევნებში გაიმარჯვა

16 იანვარი, 2024 • 701
დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელების აიოვის არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში, აიოვას შტატში გამარჯვება მოიპოვა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ტრამპმა ხმათა 51% მიიღო.

შიდაპარტიული არჩევნები რესპუბლიკელთა რიგებში ტარდება პარტიის კანდიდატის გამოსავლენად საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერშია დანიშნული . ტრამპმა საკმაო ხნის წინ გამოაცხადა, რომ კენჭს იყრიდა 2024-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც და მთელი ეს პერიოდი, საკმაო უპირატესობა ჰქონდა რესპუბლიკელთა სხვა კანდიდატების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დებატებსაც არ ესწრებოდა.

აიოვაში, რომელმაც პირველმა ჩაატარა არჩევნები, ტრამპმა 56 260 ხმა მიიღო, რაც 51%-ს უტოლდება. მეორე ადგილზე გავიდა ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი [აშშ-ის პრეზიდენტობა დესანტისსაც სურს – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ], ხოლო მესამეზე – გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი. მათ ხმათა 21.2 და 19.1 პროცენტი მიიღეს. ორივე კანდიდატი წარსულში საკმაოდ ახლოს იყო ტრამპთან, თუმცა ახლა მისგან დისტანცირებას ცდილობენ.

კიდევ ერთი კანდიდატი, ვივეკ რამასვამი, მეოთხე ადგილზე გავიდა ხმათა 7.7%-ით, თუმცა მან უკვე შეაჩერა თავისი კამპანია და ტრამპს დაუჭირა მხარი.

რესპუბლიკელთა კანდიდატობის არჩევნები ზამთარ-გაზაფხულის განმავლობაში ჩატარდება. არსებული გამოკითხვებით, აშკარა ფავორიტი სწორედ დონალდ ტრამპია. იგი, დიდი ალბათობით, მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი