ახალი ამბები

სამწუხაროა, დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ქვეყნის იმიჯის შელახვას – პაპუაშვილი დანიის ელჩზე

12 იანვარი, 2024 • 1227
სამწუხაროა, დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ქვეყნის იმიჯის შელახვას – პაპუაშვილი დანიის ელჩზე

პარლამენტის თავმდჯომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, დანიის ელჩი საკმარისად კომპეტენტური არ იყო იმისთვის, რომ საკუთარი აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მოჰყოლოდა.

ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი საქართველოში დანიის ელჩის ანე ტოფტ სორენსენის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. რის გამოც დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროშიც დაიბარეს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, დიპლომატების „არაკომპეტენტურობა“ ქვეყნის იმიჯის შელახვას იწვევს ხოლმე.

„ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციიდან გამომდინარე, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის მნიშვნელოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მნიშვნელოვანია რეაგირება. გუშინ ჩვენ ვნახეთ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი ეს გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, რომ მან ვერ მოახდინა ფორმულირება საკუთარი აზრის ისე, რომ სწორად გაგებულიყო. თუ ეს არაკომპეტენტურობაა, რომ კონტექსტებში ვერ სვამს ელჩი საკუთარ სტატიებს, ჩავთვალოთ, რომ ეს არის არაკომპეტენტურობა.

სამწუხაროა და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ხოლმე, საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ დანიის საელჩო ამ ჩემს განცხადებას შესაბამისი კონტექსტით გაიგებს. დანიის საელჩომ თქვა, რომ მისი ოპედი არ იქნა გაგებული სწორად, შესაბამისად, ელჩმა ვერ შეძლო, სავარაუდოდ, საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი ან განმარტება არ ჰქონოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ელჩი საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ წერს.

„პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, დააარსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში 90-იან წლებში დააგროვა. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, განუწყვეტლივ ბოიკოტის რეჟიმშია პარლამენტში და მთავრობას ადანაშაულებს სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში“, – წერს ელჩი თავის მოსაზრებაში.

ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შემდეგ კი დანიის ელჩი საქართველოს საგარეო სამინისტროში დაიბარეს.

ელჩის სტატიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დანიის საელჩომაც. როგორც დანიის საელჩო აცხადებს, დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. მათივე განცხადებით, საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი