ახალი ამბებისაზოგადოება

დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

11 იანვარი, 2024 • 1214
დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა, დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს და ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქად მოიხსენია.

ელჩმა გაიხსენა 2023 წლის აქციებიც ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის „რუსეთთან მეგობრული პოლიტიკა“.

ელჩი ოპ-ედს იწყებს 15 დეკემბრის გახსენებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებიდან მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ საზეიმო ღონისძიება გამართა თავისუფლების მოედანზე.

„იმავე მოედანზე, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუცია და ევროპული რეფორმები დაიწყო 2003 წელს”, – განმარტავს ელჩი.

ანე ტოფტ სორენსენი გამოცემის მკითხველს უხსნის, რომ ქართველ ხალხს დიდი მსხვერპლი აქვს გაღებული აქამდე მოსასვლელად, მათ შორის გადატანილი აქვს 2008 წელს რუსეთის მორიგი შემოჭრა საქართველოში და 5-დღიანი ომი, რომელსაც საქართველოს ორ რეგიონზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. რუსები კი დღემდე დგანან საქართველოს ტერიტორიაზე, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში.

სწორედ ამის შემდეგ, დანიის ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რეფორმები შენელებულია, პოლიტიკურმა კრიზისმა კი, რომელიც წლებია გრძელდება, უფსკრული გააჩინა მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

“პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, დააარსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში 90-იან წლებში დააგროვა. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს, განუწყვეტლივ ბოიკოტის რეჟიმშია პარლამენტში და მთავრობას ადანაშაულებს სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლასა და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველო უკრაინამაც და ევროკავშირმაც რუსეთისადმი მეგობრული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. საქართველომ არ აღკვეთა ფრენების აღდგენა რუსეთთან, არ დააკისრა სანქციები რუსეთს, არამედ პირიქით, გააღრმავა მასთან სავაჭრო ურთიერთობა. ესაა პოლიტიკა, რომელიც გააკრიტიკეს, როგორც “შეუსაბამო” ევროპული მისწრაფების მქონე ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის თითქმის 90% ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობდა მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. იგივე კანონი რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ჩასახშობად გამოიყენება”, – წერს ანე ტოფტ სორენსენი.

დანიის ელჩი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში ბევრი პროევროპული განწყობის ადამიანისთვის კანდიდატის სტატუსი ახალი იმედის საფუძველია,  ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხიც კი ვერ ხდება გამაერთიანებელი პოლარიზებული საზოგადოებისთვის. არამედ პირიქით, ეს საკითხი პოლიტიკური ბრძოლის ველია და არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს მდგომარეობა თუ არ გამწვავდება, არ განელდება.

ელჩი თვლის, რომ დანიის საელჩოს პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია იმ 9 რეკომენდაციის შესრულებაში, რაც აუცილებელი პირობაა ევროკავშირის წევრობაში მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასასვლელად. ისევე, როგორც განსაკუთრებული როლი ითამაშა დანიამ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ევროკავშირისა და ნატოს წევრად გახდომაში 2004 წელს. ანე ტოფტ სორენსენი აღნიშნავს, რომ დანიამ მშვიდობისა და სტაბილიზაციისთვის ახალი პროგრამა დაიწყო საქართველოში და ქვეყნის განვითარების ხელშესაწყობად მეტი ფინანსების მობილიზებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი