UFC-ის მოქმედი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი და საქართველოს მტერია. მან ასევე დააფიქსირა საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება სტალინის ფიგურის მიმართაც.
რუსეთისა და სტალინის მიმართ დამოკიდებულებაზე მერაბ დვალიშვილმა Youtube-ზე, ჯეიკ შილდსის პოდკასტში ისაუბრა. შილდსი თავადაც შერეული საბრძოლო ხელოვნების ტიტულიანი მიმდევარია და შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ თავის გადაცემაში მერაბ დვალიშვილს უმასპინძლა.
„ვიცი, რომ არ გიყვარს რუსები“, — ეუბნება მერაბ დვალიშვილს ჯეიკ შილდსი, რაზეც მერაბ დვალიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და ამბობს, რომ რუსეთისადმი ქართველების დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი საკითხია.
„საქმე ხალხში არ არის, რუსეთი ოკუპანტია და მას ჩემი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ეს ქვეყანა ჩემი მტერია. როდესაც სტუმრად მოდიოდნენ, ვხვდებოდით და კი ბატონო, ეს არაა პრობლემა. მოსწონთ ჩვენი საკვები, ჩვენი სტუმართმოყვარეობა. მაგრამ ბომბები გვიყარეს ქალაქებში, ხალხი დაგვიხოცეს.
1991 წელს იყო, როცა აფხაზეთი წაგვართვეს. 17 წლის ვიყავი 2008 წელს, როცა ცხინვალის ტერიტორია დაიპყრეს. ბევრმა ადამიანმა დაკარგა მაშინ სახლი, ბევრი ადამიანი დავკარგეთ, დაბომბეს ქალაქები. ეს ხომ სულ ცოტა ხნის წინ იყო.
თავს რომ დაგვესხნენ, საპასუხო ცეცხლი გავხსენით. სინამდვილეში, ჩვენ თავს ვიცავდით. მერე, ბომბები რომ ჩამოყარეს, ჩვენმა მთავრობამ თქვა, რომ კარგი, კარგი, ვნებდებით, იმიტომ, რომ ადამიანები იხოცებოდნენ“, — ამბობს მერაბ დვალიშვილი ინტერვიუში.
მერაბი იხსენებს, რომ აგვისტოს ომში მისი ორი უფროსი ძმაც გამოძახებული იყო, მაგრამ საბედნიეროდ, მათ არაფერი მოსვლიათ. სამაგიეროდ, როგორც ჰყვება, ამ ომში ნათესავები, ახლობლები დაეხოცა და ბევრი ჯარისკაცი დაკარგა სახელმწიფომ.
„რუსეთის მთავრობა ჩვენი მტერია. ეს პოლიტიკური თემაა, მაგრამ როცა შენს ქვეყანაში შენს მტერს ებრძვი, გამარჯვება გინდა და ეს პირადი ხდება“, — ამბობს დვალიშვილი.
პოდკასტის დასასრულს ჯეიკ შილდსმა რამდენიმე კითხვა მერაბ დვალიშვილს მაყურებლებისგან დაუსვა. მათგან ერთ-ერთი სტალინისადმი ქართველების დამოკიდებულებას ეხებოდა. დვალიშვილის პასუხი სტალინთან დაკავშირებით მოურიდებლად უარყოფითი იყო.
„საშინელი კაცი იყო! ქართველებს ის არ უყვართ. საერთოდ არ ვთვლი, რომ ქართველი იყო. საქართველოში კი დაიბადა, მაგრამ მერე ქვეყანა დატოვა და გაანადგურა საქართველო. საშინელი, ნაბიჭ***ი კაცი იყო! მე ასე ვლაპარაკობ აქ ახლა, მაგრამ კი, არის ჯერ კიდევ ცოტა ხალხი, რეგვენები, ვისაც მოსწონს. მკვლელი იყო, დიქტატორი და დამპალი ნაბიჭ***ი, გვეზიზღება“ — პასუხობს დვალიშვილი.
დვალიშვილი ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც UFC-ის ქამრის მოპოვება მოახერხა. მას არც აპრილის თვეში რუსული კანონის მიღება, საპროტესტო აქციები დაუტოვებია კომენტარის გარეშე. მაშინ დვალიშვილი წერდა, რომ საქართველო არის და უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი.