ახალი ამბები

ვინ და როგორ უნდა მართოს ღაზა ომის შემდეგ – ისრაელის თავდაცვის მინისტრის გეგმა

6 იანვარი, 2024 • 1548
ვინ და როგორ უნდა მართოს ღაზა ომის შემდეგ – ისრაელის თავდაცვის მინისტრის გეგმა

ღაზას სექტორში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, ისრაელის მთავრობაში ოფიციალურად დაიწყეს იმის განხილვა, ვინ და როგორ უნდა მართოს ტერიტორია ომის დასრულების მომენტიდან. თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტის წარადგინა გეგმა, რომელსაც “ოთხი კუთხე” ჰქვია.

გეგმა საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, თუმცა BBC ავრცელებს ინფორმაციას დოკუმენტის ცალკეული აქცენტების შესახებ. მაგალითად, ომის შემდეგ ღაზას უსაფრთხოებას მთლიანად ისრაელი დაიცავს – ჰამასი მას აღარ გააკონტროლებს. ტერიტორიაზე შეიზღუდება პალესტინელთა მმართველობაც. უფრო ზუსტად, ისინი ისრაელის ზედამხედველობით იმოქმედებენ.

“ღაზაში პალესტინელები ცხოვრობენ, შესაბამისად მასზე პალესტინური ორგანოები იქნებიან პასუხისმგებლები. მხოლოდ, იმ პირობით, თუ მტრულ ქმედებებსა და მუქარას არ განახორციელებენ ისრაელის წინააღმდეგ”, – განაცხადა იოავ გალანტმა.

BBC-ს ცნობით, თავდაცვის მინისტრის გეგმა ისრაელის მთავრობაში აქტიური დისკუსიის საგანი გახდა. გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუს მთავრობის ზოგიერთი ულტრა-მემარჯვენე წევის უკმაყოფილება პალესტინელთა მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ უნდა წაახალისონ პალესტინელები, რომ ღაზა დატოვონ და მათ ნაცვლოდ იქ ებრაელთა დასახლებები შექმნან. თავად პრემიერ-მონისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ამასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ისრაელის ოფიციალური პირები ცალსახად ამბობენ, რომ ომი იქამდე არ დასრულდება, სანამ ჰამასს სრულად არ გაანადგურებენ.

ომი ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასი მოულოდნელად დაესხა თავს ისრაელს. თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი ჰამასმა მძევლად აიყვანა, ძირითად – მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ დროის მონაცემებით, ომს ღაზას სექტორში 23 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი