ახალი ამბები

25 დეკემბერს ღაზის სექტორში კიდევ ათობით პალესტინელი დაიღუპა

26 დეკემბერი, 2023 • 2023
25 დეკემბერს ღაზის სექტორში კიდევ ათობით პალესტინელი დაიღუპა

25 დეკემბრის ღამეს ათობით პალესტინელი დაიღუპა. შეტევა ღაზის სექტორზე 25 დეკემბერს დღისითაც გაგრძელდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

25 დეკემბრის ღამე უკვე იხსენიება ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო ღამედ ისრაელი-ღაზის მიმდინარე ომში. დაღუპულთა რიცხვის შესახებ წყარო ჯერჯერობით მხოლოდ ღაზის “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროა. მათი თქმით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, ”მიუხედავად იმისა, რომ “ჰამასის” ტერორისტული დაჯგუფება ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაშია გარეული და ეს დიდი გამოწვევაა, ისრაელი ერთგულად იცავს საერთაშორისო სამართალს და დგამს ნაბიჯებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ნაკლები ზიანის მისაყენებლად”.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში “ჰამასზე” შეტევა უფრო ინტენსიური გახდება.

„ომი ძალიან ძვირად გვიჯდება, თუმცა ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

სააგენტო “როიტერსის” ცნობით, “ჰამასმა” და მოკავშირე ისლამურმა ჯიჰადმა უარი თქვეს ეგვიპტის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, თუ ისინი დათმობდნენ ძალაუფლებას ღაზის სექტორში, სანაცვლოდ ცეცხლი სამუდამოდ შეწყდებოდა.

22 დეკემბერს თელ-ავივში ისრაელელმა აქტივისტებმა მიმდინარე ომის წინააღმდეგ დემონსტრაცია გამართეს.

დემონსტრაციის მონაწილეები თელ-ავივში. 23 დეკემბერი.

7 ოქტომბრიდან დღემდე, “ჰამასის” ტერორისტული თავდასხმისა და ისრაელის მხრიდან საპასუხო შეტევების შედეგად, ჯამში, უკვე 1200-ზე მეტი ისრაელელი და 20 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი