ახალი ამბები

აშშ: ახალი წლის დღეებში რუსეთი უკრაინას ჩრდილოეთ კორეისგან მიწოდებული რაკეტებით ბომბავდა

5 იანვარი, 2024 • 2689
აშშ: ახალი წლის დღეებში რუსეთი უკრაინას ჩრდილოეთ კორეისგან მიწოდებული რაკეტებით ბომბავდა

თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვის ტალღა ჩრდილოეთ კორეისგან იყო მხარდაჭერილი. ამის შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ მედიასთან ისაუბრა.

“რუსეთი სულ უფრო იზოლირებული ხდება მსოფლიო ასპარეზზე, – ნაწილობრივ ჩვენი სანქციებისა და ექსპორტის გამო – რისთვისაც, ის იძულებულია სამხედრო აღჭურვილობისთვის თანამოაზრე ქვეყნებს მიმართოს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ჩრდილოეთ კორეა. ჩვენი ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ცოტა ხნის წინ, რუსეთს რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა და ამ რაკეტების გამშვები საშუალებები მიაწოდა”, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტებიდან მინიმუმ ერთი გამოიყენა რუსეთმა 30 დეკემბერს – ის ზაპოროჟიეს ოლქში, ღია სივრცეში ჩამოაგდეს. უფრო მეტი კორეული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა რუსეთმა უკვე შემდეგ, 2024 წლის პირველ დღეებში.

ჯონ კირბის თქმით, აშშ ჯერ კიდევ შეისწავლის ამ რაკეტების ზემოქმედების მასშტაბებს. თუმცა, უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, მათი მოქმედების არეალი 900 კილომეტრია.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობა კიევში. ფოტო: SERGEY DOLZHENKO / EPA

აშშ-ს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი მომავალშიც შეეცდება გამოიყენოს ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული ბალისტიკური რაკეტები უკრაინის დასაბომბად. გარდა ამისა, თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთი ცდილობს შეთანხმებას ირანთან შეიარაღების მიღებისთვის.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, უახლოეს პერიოდში აშშ გეგმავს შემდეგ მოქმედებებს:

  1. გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე დააყენოს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ჩრდილოეთ კორეისგან სამხედრო იარაღის მიღება არღვევს გაეროს რამდენიმე რეზოლუციას;
  2. სანქციები დაუწესოს იმ სუბიექტებს, ვინც ჩართულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებებში და შუამავლობს ამ პროცესს;
  3. გააგრძელოს საზოგადოების ინფორმირება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებისა და მისი გეგმების შესახებ.

გარდა ამისა, კირბის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს უკრაინის შეიარაღება. მისი თქმით, მაშინ, როცა რუსეთი მხარდაჭერის მიღებას ჩრდილოეთ კორეისა და ირანისგან ცდილობს, უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკელი ხალხის და აშშ-ს მთავრობა მათ გვერდითაა.

“უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ყველაზე ეფექტური პასუხი იქნება, გავაგრძელოთ უკრაინის უზრუნველყოფა საჰაერო თავდაცვის იარაღებითა და სამხედრო აღჭურვილობით. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ მოთხოვნილი დამატებით დაფინანსება უკრაინისთვის”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების სანაცვლოდ სხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობას ითხოვს. მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავებს, ჯავშანტექნიკას და ა.შ. კირბის შეფასებით, ამ რუსეთისგან მიღებული აღჭურვილობის გამოყენება, ჩრდილოეთ კორეას, თავის მხრივ, კორეის ნახევარკუნძულზე და წყნარი ოკეანის რეგიონში სურს.


ახალი წლის დღეებში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა. რუსეთიდან გასროლილი რაკეტების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – საცხოვრებელი სახელები, სკოლები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები იყო. დაბომბვას მოჰყვა მსხვერპლიც.

უკრაინის ოფიციალური უწყებების ცნობით, რუსეთისგან ნასწორი რაკეტების დიდი ნაწილის ჩამოდგება შეძლეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს სათანადო აღჭურვილობისთვის, თუმცა დაამატა, რომ უკრაინას მომავალშიც დასჭირდება მათგან. მხარდაჭერის მიღება

მასალების გადაბეჭდვის წესი