ახალი ამბები

ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს შესაძლოა დეპორტაცია მოუწიოს

4 იანვარი, 2024 •
ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს შესაძლოა დეპორტაცია მოუწიოს

ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს შესაძლოა დეპორტაცია მოუწიოს.

საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ლატვიაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ეწურებათ. როგორც ლატვიის რადიოს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდ კოზლოვსკისმა განუცხადა, ამ დროისთვის დაზუსტებით ვერ იტყვიან, რამდენ ადამიანს მოუწევს დეპორტაცია.

ლატვიური მედიის ცნობით, იანვარში ლატვიიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა სამსახური რუსეთის მოქალაქეებს საინფორმაციო წერილებს გაუგზავნის გამგზავრების დროის შესახებ და ინფორმაციას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ შესაძლებელია ბინადრობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტების მოთხოვნა, თუ ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

როგორც ლატვიის შს მინისტრი აცხადებს, უპირველეს ყოვლისა საჭიროა იმის გაგება, რომ შესაძლოა ამ პირთაგან ზოგიერთს უკვე დატოვებული ჰქონდეს ქვეყანა და მათ შორის მესამე ქვეყნებში იყვნენ გადასულები.

„სხვა საკითხია აქვთ თუ არა ამ ადამიანებს შესაძლებლობა დარჩნენ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, შენგენის ზონაში“, – განაცხადა ლატვიის შს მინისტრმა და დასძინა, რომ ლატვია არ აპირებს შენგენის სხვა ქვეყნებთან სრული სასაზღვრო კონტროლის აღდგენას რუსეთის ამ მოქალაქეების გამო.

ლატვიაში ყოფნის ნებართვა გაიცემა ორი წლით. 2022 წლის შემოდგომაზე ლატვიამ საიმიგრაციო კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც  ლატვიაში მცხოვრებლებს, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან, მთელი რიგი პროცედურების გავლა უწევთ. მათ შორის 15-75 წლის ადამიანებს უნდა წარმოედგინათ ლატვიური ენის ცოდნის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია 2001 წლის 1 თებერვლის შემდეგ.

რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ დასაბუთებული მიზეზები, რომ არ ჩააბარონ ლატვიური ენის გამოცდა, შეუძლიათ ბინადრობის ნებართვის საბუთები წარმოადგინონ 2024 წლის 31 მარტამდე. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული მიზეზები ან პირის ნებისა და ქცევისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზები შეიძლება ჩაითვალოს გამამართლებელ მიზეზებად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი