ახალი ამბები

„უკანონო და ძალის არმქონე გადაწყვეტილებაა“ – EU ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

29 დეკემბერი, 2023 • 1661
„უკანონო და ძალის არმქონე გადაწყვეტილებაა“ – EU ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

ევროკავშირი ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემას. ბრიუსელში ამბობენ, რომ ეს უკანონო და ძალის არმქონე გადაწყვეტილებაა.

ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემი შეთანხმების რატიფიცირებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

“ბიჭვინთა” რუსეთს გადაეცემა – დე ფაქტო პარლამენტმა დილის 6-ზე გადაწყვეტილება მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი