სამხრეთ კავკასიის ამბები

“ბიჭვინთა” რუსეთს გადაეცემა – დე ფაქტო პარლამენტმა დილის 6-ზე გადაწყვეტილება მიიღო

27 დეკემბერი, 2023 • 2986
“ბიჭვინთა” რუსეთს გადაეცემა – დე ფაქტო პარლამენტმა დილის 6-ზე გადაწყვეტილება მიიღო

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს, 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის  სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილებას  დამსწრე 28 [სულ 35] დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო პარლამენტი ჯერ კიდევ გვიან ღამით შეიკრიბა შენობაში. ამის შესახებ მთელი ღამის განმავლობაში სოციალური ქსელებში წერდა აფხაზური საზოგადოება, აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნაწილმა, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, ასევე გვიან ღამით დაიწყო დე ფაქტო პარლამენტის შენობათან შეკრება. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებენ და მის ანულირებას მოითხოვენ.

ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთს 49- წლიანი ოჯარით მხოლოდ სახელმწიფო აგარაკების შენობები გადაეცემა და არა მიწა, რომელზეც დგას ეს შენობები.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ  აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებას ერთ წელიწადზე მეტი დასჭირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი