ახალი ამბები

ჩვენ, “ლელოს”, ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ – ხაზარაძე

28 დეკემბერი, 2023 • 1578
ჩვენ, “ლელოს”, ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ – ხაზარაძე

პარტია “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ აქვს სიმპათიები, რადგან მათი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ხაზარაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისინი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან.

“ჩვენ – ლელო მაქვს მხედველობაში – ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? იმიტომ, რომ ნიკა მელია იბრძვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი […]

ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ჩვენ შევთანხმდებით ძირითად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ , როგორც ოპოზიციური ამომრჩეველი, დაინახავთ, რომ არის ორი პარტია – ნიკა მელიას პარტია და აქეთ “ლელო”, რომელიც შეთანხმებულია ქვეყნის მართვაზე, ქვეყნის ძირითად საკითხებზე, შეიძლება მთავრობის კომპოზიციაზე და უკვე მერე, გადასაწყვეტია … ნიკა მელია და “ლელო” ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პალიტრანიუსის ეთერში, თუმცა არ გამორიცხა, რომ თეორიულად შესაძლებელია მსჯელობა სამომავლოდ ერთ პარტიაში გაერთიანებაზეც.

ამის საპირისპიროდ, მამუკა ხაზარაძემ გამორიცხა თანამშრომლობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიასთან – “საქართველოსთვის”. ხაზარაძემ გახარიას “წარსულის პოლიტიკოსი” უწოდა. ის განმარტავს,  რომ პარტიების გაერთიანება არ უნდა იყოს მექანიკური და ჯანსაღ, იდეურ ურთიერთობებს უნდა ემყარებოდეს.

“მე ჩემი პოზიცია გითხარით და ეს პოზიცია არ შეიცვლება. ჩემგან ნუ ითხოვთ პასუხის გაცემას, მოსთხოვეთ იმას, ვისაც პასუხი აქვს გასაცემი ამ საკითხებზე [“გავრილოვის საქმე”, ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე]”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარტია დაიშალა და მას არ მიაჩნია ყველაზე დიდ და ძლიერ პარტიად.


ნიკა მელიამ “ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად 7 დეკემბერს დატოვა და ახალი პარტისშექმნა დააანონსა. იქამდე, თვეების განმავლობაში პარტია შიდა კონფლიქტის პირობებში იმყოფებოდა. უფრო მეტი ამ საკითხზე წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი