საზოგადოება

ნიკა მელია ენმ-ს ტოვებს

7 დეკემბერი, 2023 • 1639
ნიკა მელია ენმ-ს ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ნიკა მელიამ დღეს, 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ბრიფინგზე გააკეთა მინიშნებები ენმ-ში ფულით მოპოვებულ არაფორმალურ გავლენებზე, აღნიშნა, რომ თავად უპირისპირდებოდა ამ პროცესს, თუმცა- უშედეგოდ.

“ყველაფერი გავაკეთე, რომ პრინციპები, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოფილიყო გამარჯვებული ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ კედელი დამხვდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, არ მჯერა, რომ პოლიტიკურ კორუფციას ვინმე დაამარცხებს პოლიტიკური კორუფციით, უღირსობას – უღირსობით”, – განაცხადა მელიამ და დასძინა, მას სჯერა, რომ შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება პოლიტიკაში, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ სიმართლით მოხერხდება.

მელიას თქმით, ის მიდის წინ, მომავალში და წარსულს ტოვებს უკან.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ენმ-ის წევრების მიერ სხვადასხვა ქალაქის საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის და რიგების დატოვება. მათ შორის ფრაქცია დატოვეს ენმ-ის დეპუტატებმა ახალციხის, კასპის, ხობის, ჭიათურის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში.

პარტიის წევრების ნაწილი, რომლებმაც ენმ დატოვეს, აცხადებდნენ, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხავენ, რომ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური, წარსულში კი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკვე თვეებია, შიდა კონფლიქტის პირობებში მოქმედებს. წაიკითხეთ ამ თემაზე სტატია:

კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი