ახალი ამბები

„ანტიპრაგმატული დუმილი“ – ოპოზიცია ბიჭვინთის ამბავზე “ოცნებას” აკრიტიკებს

27 დეკემბერი, 2023 • 894
„ანტიპრაგმატული დუმილი“ – ოპოზიცია ბიჭვინთის ამბავზე “ოცნებას” აკრიტიკებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთის მიერ ტერიტორიის ანექსიად აფასებენ და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ „ქართული ოცნების“ ანტიპრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე.

„სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დააკმაყოფილა ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნა და რუსეთს გადასცა ბიჭვინთის აგარაკი ქართველი და აფხაზი ხალხის ნების სრული უგულებელყოფით. ასეთი „გადაწყვეტილებები“ უკანონოა. ჩვენ აფხაზ თანამემამულეებთან ერთად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა“, – დაწერა გიორგი გახარიამ X-ზე.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, აუცილებელია ამ საკითხზე საპარლამენტო რეზოლუციის მიღება. მისი თქმით, საჭიროა, რომ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ ადეკვატური პოლიტიკა ჰქონდეს.

„დღეს, დილის 6 საათზე გაფორმდა ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია და ეს იყო ხარკი, რომელიც მოითხოვა ვლადიმერ პუტინმა აფხაზური საზოგადოებისგან. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ფაქტობრივი ანექსიის ბოლო შემდგარი ფაქტი[…] ამ მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ, როგორი არაადეკვატური არის საქართველოს ხელისუფლების პოზიციები და დამოკიდებულება მთლიანად ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ეროვნულ ინტერესზე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის პროცესი ისე განვითარდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი პოზიცია მკაფიოდ არ დაუფიქსირებია.

„ის, რაც ბიჭვინთაში მოხდა, არის უდიდესი ტრაგედია, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორია პირდაპირ გადაეცა რუსეთს. ეს არის კიდევ ერთხელ იმის აღიარება, რომ რუსეთისთვის არანაირი სხვა ინტერესი არ არსებობს, ისინი საკუთარ მარიონეტულ რეჟიმსაც არ უწევენ ანგარიშს. ისტორია ისე განვითარდა, რომ ჩვენი ხელისუფლებისგან, ფაქტობრივად, ერთი განცხადებაც კი არ გვახსოვს ბიჭვინთის აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებით“, – განუცხადა „მთავარ არხს“ საბა ბუაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლება შეურიგებელი იქნება ყველა იმ აქტის მიმართ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან თავსებადი არაა. მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია დამოკიდებულება, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ყოველთვის დუმს ამ საკითხებთან დაკავშირებით.


აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს, 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის  სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილებას დამსწრე 28 [სულ 35] დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო პარლამენტი ჯერ კიდევ გვიან ღამით შეიკრიბა შენობაში. ამის შესახებ მთელი ღამის განმავლობაში სოციალური ქსელებში წერდა აფხაზური საზოგადოება, აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნაწილმა, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეკრება, ასევე, გვიან ღამით დაიწყო. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებენ და მის ანულირებას მოითხოვენ.

ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთს 49- წლიანი იჯარით მხოლოდ სახელმწიფო აგარაკების შენობები გადაეცემა და არა მიწა, რომელზეც დგას ეს შენობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი