ახალი ამბები

ვართ შეურიგებელნი და რა თქმა უნდა, ვგმობთ – სარჯველაძე ბიჭვინთაზე

27 დეკემბერი, 2023 • 695
ვართ შეურიგებელნი და რა თქმა უნდა, ვგმობთ – სარჯველაძე ბიჭვინთაზე

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შეურიგებელი იქნება ყველა იმ აქტის მიმართ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან თავსებადი არაა.

ასე გამოეხმაურა ის აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის  სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას.

„კატეგორიულად მიუღებელია დამოკიდებულება, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ყოველთვის დუმს ამ საკითხებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ პოზიცია იმთავითვე ცნობილია და მკაფიოდ გაცხადებულია[…]

ვართ შეურიგებელნი და, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყველა ნაბიჯს, გადაწყვეტილებას და სამართლებრივ აქტს, რომელიც, გინდა დე იურე და გინდა დე ფაქტო, არ არის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. ნებისმიერი ასეთი შეუთავსებელი აქტი არის მიუღებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის და მთლიანად მთელი საქართველოსთვის. ეს ყველასთვის მკაფიოდ გასაგები და ცნობილია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს, 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის  სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილებას დამსწრე 28 [სულ 35] დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო პარლამენტი ჯერ კიდევ გვიან ღამით შეიკრიბა შენობაში. ამის შესახებ მთელი ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელებში წერდა აფხაზური საზოგადოება, აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნაწილმა, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, ასევე, გვიან ღამით დაიწყო დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეკრება. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებენ და მის ანულირებას მოითხოვენ.

ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთს 49- წლიანი იჯარით მხოლოდ სახელმწიფო აგარაკების შენობები გადაეცემა და არა მიწა, რომელზეც დგას ეს შენობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი