ახალი ამბები

ბელგრადში მომიტინგეებმა ცესკოს შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ძალა გამოიყენა

25 დეკემბერი, 2023 • 677
ბელგრადში მომიტინგეებმა ცესკოს შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ძალა გამოიყენა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მომიტინგეებმა ქალაქის საკრებულოს შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციამ საპასუხოდ სპეცსაშუალებები და ძალა გამოიყენა, იტყობინება „ბი-ბი-სი“.

ბელგრადის საკრებულოს შენობასთან, რომელშიც ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიაც მუშაობს, ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი არჩევნების შემდეგ შეიკრიბა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მათ ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, მედიის ცნობით, მომიტინგეებმა შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს და შიგნით შეჭრა სცადეს. შენობის კარის გაღებას ცდილობდნენ ოპოზიციის ლიდერები, სრდან მილივოევიჩი და ვლადიმირ ობრადოვიჩი. პოლიციამ ამას უპასუხა ძალისა და სპეცსაშუალებების [ცრემლსადენი გაზი] გამოყენებით. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რადომირ ლაზოვიჩი ამბობს, რომ პოლიციელებმა ის და რამდენიმე სხვა ადამიანი ხელკეტით სცემეს.

ამ მოვლენების პარალელურად, პრეზიდენტი ვუჩიჩი საგანგებო მიმართვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენების უკან უცხოური ძალები დგანან. ქვეყნის პრემიერმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ ადგილი აქვს მაიდანის მოწყობის მცდელობას.

ეს არჩევნების შემდეგ დაწყებული პირველი პროტესტი იყო, რომელსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოჰყვა.

არჩევნები

თუკი სერბეთის ცესკოს ოფიციალურ წინასწარ მონაცემებს დავეყრდნობით, ვუჩიჩის პარტიამ პარლამენტში 250-დან 127 მანდატი მოიპოვა და ყველაზე მეტი ხმა მიიღო დედაქალაქ ბელგრადში. პარლამენტში მემარცხენე-ცენტრისტულმა, ვუჩიჩის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებამ მიიღო ხმათა 23,56%, სერბეთის სოციალისტურმა პარტიამ კი- 6,56%.

ოპოზიცია არ აღიარებს ბელგრადის საქალაქო საბჭოს არჩევნების შედეგებს და მოითხოვს, შედეგები გადაიხედოს.

ოპოზიციის ლიდერების, მიროსლავ ალექსიჩის და მარინიკა ტეპიჩის განცხადებით, მათ აქვთ გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის და საარჩევნო სიების ფალსიფიკაციის მტკიცებულებებიც. ისინი შიმშილობას აპირებენ იქამდე, სანამ შედეგების გადახედვა არ მოხდება.

„არ შეგვიძლია და არც ვაღიარებთ შედეგებს ბელგრადში… აქ ვართ მტკიცებულებების გადასაცემად… მე და მიროსლავ ალექსიჩი აქ დავრჩებით და შიმშილობას დავიწყებთ“, – უთხრა ტეპიჩმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ნეგატიურად შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.

„საპარლამენტო არჩევნები ტექნიკურად კარგად ჩატარდა და ამომრჩევლებს არჩევანის ალტერნატივა მისცა, თუმცა არჩევნებში დომინირებდა პრეზიდენტის ჩართულობა, რაც მმართველი პარტიის ადმინისტრაციულ უპირატესობასთან ერთად ქმნიდა უსამართლო პირობებს“, – განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა.

დამკვირვებლების ცნობითვე, იყო ადმინისტრაციული რესურსის შეუსაბამოდ გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების, ჟურნალისტთა დევნის და მათზე თავდასხმის ფაქტები.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში „მიუღებლად“ მიიჩნიეს ასეთი არჩევნები ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და კანდიდატის სტატუსიც აქვს.

ვუჩიჩის პარტია სერბეთს 2012 წლიდან მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი