გამოცემა POLITICO-ის ინფორმაციით, სერბეთმა ე.წ. ხმოვანი ქვემეხების ეფექტი ცხოველებზე გამოსცადა. უფრო მეტიც, გამოცემა წერს, რომ ძაღლებზე ექსპერიმენტი სერბეთმა რუსეთის უშიშროების სამსახურთან, “ეფესბესთან” თანამშრომლობით ჩაატარა.
ე.წ. ხმოვანი ქვემეხების გამოყენებაში მოქალაქეთა წინააღმდეგ სერბეთის მთავრობა 2025 წლის უპრეცედენტო ანტისამთავრობო აქციების დროს დაადანაშაულეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ სერბეთის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ხმოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც მყისიერად გამოიწვია ხანმოკლე პანიკა, ხოლო მოქალაქეთა ნაწილს სიმპტომები აქციის მერეც გაუგრძელდა. რამდენიმე ადამიანი, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა, მოგვიანებით საკუთარ სოციალურ ქსელებში წერდა, რომ თავის ტკივილი, გულისრევა და ყურებში ხმაური გაუგრძელდა.
სერბეთის ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო. თუმცა გამოძიება მაინც დაიწყო. POLITICO-ს ინფორმაციით, ძაღლებზე ექსპერიმენტი სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა ზიანის მოტანა შეეძლო ე.წ. ხმოვან ქვემეხებს “ბიოლოგიურ ორგანიზმზე”, ამ შემთხვევაში ძაღლებზე. უფრო კონკრეტულად კი, ექსპერიმენტს უნდა დაედგინა, შეესაბამებოდა თუ არა დემონსტრანტების მიერ აღწერილი სიმპტომები ე.წ. ხმოვანი ქვემეხის ეფექტს.
რაც შეეხება სიმპტომებს, სერბული უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ჩაწერეს 3000-ზე მეტი დემონსტრანტი, რომლებიც დეტალურად აღწერენ “ძლიერ ხმოვან ზემოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ცხელი ქარივით ტალღა”. ზოგიერთ ხმას აღწერს, როგორც “სიღრმიდან აღმომხდარ ღმუილს”, რომელიც რეაქტიული ძრავის ან გვირაბში მიმავალი მატარებლის ხმას წააგავს, მაღალი სიხშირის წუილის ან აფეთქების თანხლებით.
“ამ ჩვენებებზე დაყრდნობით ცხადია, რომ აქციის დროს გამოიყენეს ძლიერი ხმოვანი ზემოქმედების იარაღი, რამაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაქციები გამოიწვია იქ მყოფებში”, – ამბობენ სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციები.
POLITICO წერს, რომ მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც სერბეთისა და რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საცდელ მოედანზე შეკრიბეს ძაღლების ჯგუფი, რათა შეეფასებინათ “გამოსხივების გავლენა ბიოლოგიურ ობიექტზე”. გამოცემა წერს, რომ დოკუმენტის მიხედვით ძაღლები საცდელ ობიექტად შეირჩნენ მათი “მაღალი მგრძნობელობის” გამო.
POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და სერბეთის უშიშროების სამსახურების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ “ბიოლოგიურ ობიექტებს (ძაღლებს) არ უგრძნიათ დისკომფორტი (ქცევის ცვლილება)”. დოკუმენტის მიხევდით, ძაღლების მდგომარეობა შეფასდა ექსპერიმენტიდან 3 დღის შემდეგ და მათი ჯანმრთელობის პარამეტრებში არანაირი ცვლილება არ იყო.
ექსპერიმენტი ხმოვანი მოწყობილობის დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდო გამოყენებიდან დაახლოებით 2 კვირაში ჩატარდა. სერბი უფლებადამცველი, დანილო კურჩიჩი POLITICO-სთან საბრისას განმარტავს, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით, ცხოველებზე რაიმე სახის ექსპერიმენტის ჩატარებას სჭირდება სპეციალური ნებართვა. თუმცა იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ცხოველებზე ტესტირება საერთოდ აკრძალულია.
POLITICO-ის ინფორმაციით, ე.წ. ხმადამშენი შორ მანძილზე ინფორმაციის გადაცემისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ახლო მანძილიდან მისი გამოყენება სმენის დაქვეითების რისკს ზრდის. გარდა ამისა, მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა და სხვა მსგავსი სიმპტომები.
ოფიციალური უწყებებს “ხმოვანი ქვემეხების” გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. თუმცა 2025 წლის 29 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სერბეთის მთავრობას აქციებზე ხმოვანი იარაღის გამოყენება აუკრძალა. სასამართლომ მთავრობას დაავალა, მომავალში თავიდან იქნას აცილებული ხალხის მასის კონტროლისთვის ხმოვანი მოწყობილობების ნებისმიერი გამოყენება (გარდა კომუნიკაციის მიზნებისა). მან აღნიშნა, რომ ასეთი იარაღის გამოყენება ხალხის მასის კონტროლისთვის სერბეთში უკანონოა, კერძოდ კი, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანთა ჯანმრთელობას.
ამავე თემაზე:








