ახალი ამბები

რუსეთი ვერასდროს იქცა ერად, ყოველთვის იყო და არის იმპერია – ბორელი

24 დეკემბერი, 2023 • 1565
რუსეთი ვერასდროს იქცა ერად, ყოველთვის იყო და არის იმპერია – ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერი გამხდარიყო.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად.

„ეს არის რუსეთის მუდმივი მდგომაროება და მისი პოლიტიკური იდენტობა, შედეგად, კი საფრთხეა მისი მეზობლებისთვის, განსაკუთრებით ჩვენთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნაწილით არ დაკმაყოფილდება და არ დაუშვებს, რომ დანარჩენი უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ის[პუტინი] ვერ დაკმაყოფილდება შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მითუმეტეს ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი მოუტანოს. ასე, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიდი ხნით მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის… პუტინმა გადაწყვიტა ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის განცხადებით, თუ ევროკავშირი სასწრაფოდ არ მოახდენს შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს უკრაინაში ომის მოგების საშუალებას მისცემს.

„შესაძლოა, ახლა ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა დავინახოთ დიდი ძალისგან მომავალი საფრთხე, რომელიც ემუქრება ჩვენს დემოკრატიას, რომელიც ემუქრება თვით ევროპას და არა მხოლოდ უკრაინას. და თუ ჩვენ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდინეთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზება, ეს პუტინს უკრაინის ომში მოგების საშუალებას მისცემს…

მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ“, – განაცხადა ბორელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი