ახალი ამბები

ჩემი სიმპტომების 80% არსად წასულა – სააკაშვილი გახარიას გუნდს პასუხობს

22 დეკემბერი, 2023 • 1409
ჩემი სიმპტომების 80% არსად წასულა – სააკაშვილი გახარიას გუნდს პასუხობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებს, რომლებიც მის ციხეში დაბრუნებას ითხოვენ. სააკაშვილის განცხადება მისი Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

სააკაშვილის თქმით, გიორგი გახარიას თანაგუნდელები, რომლებიც მის ციხეში გადაყვანას ითხოვენ, „ადამიანურობისგან დაცლილები“ არიან.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი სიმპტომების 80% არსად წასულა და ციხეში გადაყვანის და ყურადღების შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დიდი შანსია.

„ამ „—–“ (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი, ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს, არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა.

ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ექსპრემიერის გუნდს სურს, რომ მას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა წაერთვას. მისი თქმით, სხვანაირად გახარიას გუნდის ეს „გამოხტომა“ არ აიხსნება.

„შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება, ან თუ მოვკვდები, მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ. რაც შეეხება ჩემს სიმპტომებს, მათი 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის“, – აცხადებს სააკაშვილი.

გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა სააკაშვილის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა დღეს, 22 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზეც გაიმეორეს. როგორც პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის შეკითხვის მთავარი ადრესატები „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, რომლებიც, მისი თქმით, დაიმალნენ.

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ 2024 წლის საარჩევნო სტრატეგიის მთავარი ღერძი და ერთადერთი ფარია, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეფექტიანად იყენებდა წარსულშიც  – 2021 წელს, და იმავეს გაკეთებას ცდილობს მომავალი წლის არჩევნებისთვისაც.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ გუშინდელ შეკითხვას: რატომ არღვევს „ოცნება“ საქართველოს კანონმდებლობას და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ატარებინებს „ნაციონალების“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების პოლიტიკურ კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან? ხოლო თუკი ის იმდენად ჯანმრთელია, რომ ამის ენერგია და შემართება აქვს, რატომ არ არის ის თანაბარ პირობებში სხვა პატიმრებთან და რატომ არ გადაგყავთ საპატიმრო დაწესებულებაში?!

ახლა დღევანდელი კითხვა: დაგვისახელოს „ოცნებამ“ ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სასჯელს იხდიდა ან იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰქონდა შესაძლებლობა, კერძო კლინიკაში 1,5 წლის განმავლობაში ემკურნალა? დაგვისახელეთ პატიმარი, რომელსაც საშუალება მიეცა და სასამართლო პროცესები გამოეყენებინა პარტიული აგიტაციისთვის? დაგვისახელეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სარგებლობს ან ოდესმე უსარგებლია მსგავსი პრივილეგიებით?“, –  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი გახარიას პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ეს განცხადებები ერთმანეთისგან გამიჯვნის „პიარულ“ მცდელობად შეაფასა. ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი „პიარული ტრიუკებით“ გახარია-სააკაშვილის ალიანსი ვერ გადაიფარება.

რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში გადაყვანას, კობახიძის თქმით, ეს შესაბამისი უწყებების საქმეა. თუმცა, კობახიძის თქმით, სააკაშვილს „ჭარბი კომფორტი“ აქვს და საავადმყოფოში ყოფნა ობიექტურად არ ეკუთვნის.

„მას არავითარი დაავადება არ აქვს. ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს კომპეტენცია, ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისში გადაიყვანეს და მას შემდეგ ამ კლინიკაში იმყოფება.

სახალხო დამცველის მოწვეული სპეციალისტთა ჯგუფის ბოლო შეფასებით, რომელიც 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი — კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება — კვლავ უცვლელი რჩება. ამიტომ, სპეციალისტთა შეფასებით, ექსპრეზიდენტი მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი