ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხალხის მტრები და აფხაზეთის მილიარდიანი ვალები რუსეთს

21 დეკემბერი, 2023 • 3912
ხალხის მტრები და აფხაზეთის მილიარდიანი ვალები რუსეთს

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


როგორი იყო 2023 წელი აფხაზეთში და 2024 წლის პროგნოზი

2023 წელი აფხაზეთში ხელისუფლების მიერ შექმნილი ნეგატიური საინფორმაციო სივრცე რეკორდული რაოდენობით იყო გამოირჩეული – ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის პროექტიდან დაწყებული, საიდანაც წლის დასაწყისიდანვე გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიისთვის რუსეთის წინაშე მილიარდიანი დავალიანება აქვს. 

თუ წინა წლებში ხელისუფლება და პრეზიდენტი ცდილობდნენ, არ აღეშფოთებინათ საზოგადოება, მიმდინარე წელს ვა-ბანკზე წავიდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ უფროსი სტრატეგიული ძმისგან მომდინარე საფრთხე უფრო სერიოზულია, ვიდრე საკუთარი ხალხისგან. 

ეს სრულიად ლოგიკურია, ოპოზიციამ საკუთარი თავი სუსტად წარმოაჩინა. დიდ მიტინგს, რომელიც სოხუმში 2023 წლის 30 მაისს გაიმართა, უფრო მეგობრული შეკრების სახე ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ მოაწყო დამცავი ჯებირები სამთავრობო შენობების კომპლექსის პერიმეტრთან. მიტინგის მონაწილეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ ბანაკს შუა: ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის, თუმცა, ზოგჯერ მაინც უწევდათ წინაღობების გადალახვა. ყველაფერი კლასიკური სცენარით მიმდინარეობდა. ოპოზიციის დელეგატები პრეზიდენტთან გაემართნენ მოთხოვნით, დაეთხოვა მთავრობა, რაზეც მან უპასუხა, რომ განიხილავს წინადადებას. ამით საკითხიც დაიხურა. 

წინ საზაფხულო სეზონი იყო, ამიტომაც, სიტუაციის დაძაბვის ნაცვლად, ყველა საკუთარი საქმით დაკავდა. აფხაზეთში კი ზაფხულობით ბევრი საქმეა. აქ თითქმის ყველას აქვს მცირე ტურისტული ბიზნესი: სასტუმრო, კაფე, ტურისტული ფირმა. ისინიც კი, ვინც არ არიან ტურისტულ ბიზნესში, ნაკლებად აქტიურობდნენ.

თუმცა ზაფხულში აფხაზეთში ორი ძლიერი წყალდიდობა მოხდა. ორივე შემთხვევაში დაზარალდა დასავლეთი ნაწილი, ტურისტულად მეტად აქტიური მხარეები. ამ მდგომარეობამ აჩვენა, რამდენად დაურეგულირებელია აფხაზეთში სამშენებლო სფერო – ყველანაირი ექსპერტიზის გარეშე უკანონოდ აშენებული შენობები და მშენებლობებზე გაცემული ნებართვები იქ, სადაც აკრძალულია მშენებლობა. მაგალითად, გაგრის ხეობებში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეებმა რამდენიმე სასტუმრო სახლი მიწასთან გაასწორა. რესტორნებს სანაპიროებზე სახურავები ახადა. ზარალი ასეულობით მილიონ რუბლად შეფასდა. 

თუმცა უკანონო მშენებლობების, ისევე როგორც სამშენებლო ექსპერტიზებისა და კადასტრის არარსებობის პრობლემებზე დუმილი გადაწყვიტეს. ეს არავის ინტერესში შედის, მშენებლობის კანონისა და აპარტამენტების ექსპლუატაციის აქტიური ლობირების ფონზე. 

იდეას, რომ აფხაზეთს დაუყოვნებლივ სჭირდება ინვესტორების მოზიდვა კომერციული უძრავი ქონების მშენებლობისთვის, აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტი ასლან ბჟანია და საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა.  ისინი ხან იმის შესახებ საუბრობენ, თუ რამხელა შემოსავალს მოუტანს აპარტამენტები აფხაზეთის ბიუჯეტს, რა გადასახადებს გადაიხდიან მშენებლები, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და როგორ გაიზრდება პენსიები, ხან აშინებენ საზოგადოებას იმით, რომ აფხაზეთი უარს იტყვის კანონის მიღებაზე, რომელიც ხსნის შეზღუდვას უცხოელებისთვის საცხოვრებლის ყიდვაზე, რუსეთი შეწყვეტს ფინანსურ დახმარებას და აფხაზეთის დაცვას მტრებისგან. აფხაზეთს კი უპილოტო საფრენი აპარატები გადაუვლიან, რომელთაც აფხაზეთის შეიარაღებული ძალები ვერ გაუმკლავდებიან.

თუმცა მიმდინარე წელს აფხაზეთში რიგი ბიზნესმენების მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანია ჩამოყალიბდა. კომპანიის მწვრთნელები არიან გამოცდილი სპეციალური დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ და შემდეგ უკრაინის ომში მონაწილეობდნენ. ფიზიკური მომზადების გარდა, აქ აწყობენ დრონებსაც მარკეტფლეისებზე შეკვეთილი ნაწილებით. 

პოტენციური რისკებით სამოქალაქო საზოგადოების შეშინება ვერ მოხერხდა და ამიტომაც აქტივისტები, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის მონაწილეა, ხალხის მტრებად და მოღალატეებად გამოაცხადეს. სწორედ ასეთი იარლიყები მიაკერეს და ანონიმური ცილისწამების ობიექტები გახდნენ აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები, ასტამურ ტანია და იბრაგიმ ჭკადუა, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას საზოგადოებაში ყველაზე მტკივნეული საკითხების შესახებ. 

ცილისწამების ობიექტები გახდნენ მოძრაობა Харахпицунда-ს წევებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის საკუთრებაში. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში “ქართული კვალის” ძებნა დაიწყეს ახალგაზრდების ქცევაში. საინიციატივო ჯგუფის მონაწილეებს აკავებდნენ, ესაუბრებოდნენ. მათ პირადად იბარებდა პრეზიდენტიც. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალური ქსელებით თავად მოძრაობის წევრები თავად აზიარებდნენ. ისინი ჰყვებიან, რომ პრეზიდენტი ასლან ბჟანია პირად საუბარში არწმუნებდა მათ, რომ სახელმწიფო აგარაკის გადაცემა მადლიერების გამოხატვაა რუსეთის ფედერაციის, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. 

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა პარტნიორის მიმართ მადლიერების გამოხატვა. ვიდეოში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ქაჯაია ორი რუსი ბიზნესმენისგან საჩუქრად იღებს 31 მილიონი რუსული რუბლის [დაახლოებით, 343 ათასი აშშ დოლარი] ღირებულების Range Rover -ის ახალ მოდელს.

არაოფიციალური მონაცემით, ქაჯაია ბიზნესმენებს ოჩამჩირის საზღვაო პორტის იჯარით აღებაში დაეხმარა და საჩუქარიც დაიმსახურა. ამასთან, აფხაზური კანონმდებლობა კრძალავს მაღალჩინოსნებისთვის 150 000 რუბლზე ძვირადღირებული [დაახლოებით, 1600 აშშ დოლარი] საჩუქრის მიღებას. 

თუმცა ამ საკითხზე კომენტარი არც მაღალჩინოსნებს და არც სამართალდამცველებს გაუკეთებია. სავარაუდოდ, მათი ყურადღება მიპყრობილია მხოლოდ იმ დოკუმენტებზე, სადაც საუბარია იმის შესახებ, თუ რა დაფინანსებას იღებენ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. სოციალურ ქსელში ანონიმური მომხმარებლების მონაცემებით, აფხაზურმა არასამთავრობოებმა ერთ წელში სხვადასხვა პროგრამაზე დაახლოებით მილიარდი რუბლი დახარჯეს. თანხის ამ მოცულობაზე მაშინვე დაიწყეს საუბარი და პროგრამის მონაწილეებს იარლიყები მიაკერეს ისე, რომ არც დაინტერესებულან, რამდენი ხიდი, გზა, მილი შეკეთდა აფხაზეთში, რამდენი მედიკამენტი იყო გადაცემული სამედიცინო დაწესებულებებზე, რამდენი ნერგი დაირგა და რამდენი სპეციალისტი დაეხმარა აფხაზ ფერმერებს. ეს ნიუანსები კრიტიკოსებს არ აინტერესებთ, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ნებისმიერი დახმარების უკან ისინი ხედავენ სხვა მიზანს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 

გვერდიდან თუ შევხედავთ, შეიძლება აფხაზური საზოგადოება ორ ბანაკად დავყოთ – ისინი, ვინც პროდასავლურ პოზიციას იკავებენ, მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და საერთაშორისო პროცესებში აფხაზეთის ნეიტრალიტეტს, და ისინი, ვინც მხარს უჭერენ ხელისუფლების ინიციატივას, გააღრმაონ რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია. თუმცა, რეალურად, ყველაფერი უფრო რთულადაა. 

იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთი ფინანსურად და ენერგეტიკულად სრულად დამოკიდებულია რუსეთზე, საზოგადოების კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილი ხვდება, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ფასი უნდა გადაიხადო და ერთადერთი გამოსავალი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ისაა, რომ ის რუბლით არ უნდა აშენდეს. მაგალითად, ეს შეეხება ენერგეტიკას. ოპოზიცია, რომელიც ყველაზე ხშირად სპეკულირებს საქართველოსთან ურთიერთობით, ენერგეტიკის სფეროში პრობლემების განხილვისას, პირიქით – ხელისუფლებას სთავაზობს სწორედ საქართველოსთან თანამშრომლობას, რადგანაც ამაში ხედავს გადარჩენის გზას რუსეთის ენერგეტიკული კონტროლისა და შანტაჟისგან. თუმცა ხელისუფლება, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული, ამ ნაბიჯს ვერ დგამს.

ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხზე ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს. დღეს აფხაზეთს რუსეთის წინაშე ელექტროენერგიისთვის 1 მილიარდ რუბლზე მეტი დავალიანება აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს და ამდენივე დახარჯოს გამანაწილებელი ქსელების მოდერნიზაციაზე. ახალი სიმძლავრეების შექმნაზე საუბარი აღარაა, რადგანაც ბიუჯეტის დეფიციტი შემდეგი წლისთვის დაახლოებით ორი მილიარდი რუბლია.

სწორედ ასეთი მონაცემებით ხვდება აფხაზეთი 2024 წელს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი