ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვმა ცხინვალს საბაჟო გადასახადები გაუზარდა – გაგლოევი მოლაპარაკებებს ცდილობს

20 დეკემბერი, 2023 • 1924
მოსკოვმა ცხინვალს საბაჟო გადასახადები გაუზარდა – გაგლოევი მოლაპარაკებებს ცდილობს

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


რუსეთში საბაჟო გადასახადების გაზრდამ სამხრეთ ოსეთში ფასები გააორმაგა და ამის გამო სხვადასხვა სახის საქონელზე საბჭოთა დროის შემდეგ დავიწყებული დეფიციტი შეიქმნა. სანამ მეწარმე ბიზნესმენები დანაკარგებს ითვლიან, ადგილობრივი ხელისუფლება მოსკოვთან ცდილობს დამღუპველ გადასახდების გაუქმებაზე მოლაპარაკებები აწარმოოს. 

სამხრეთ ოსეთის მეწარმეთა კავშირი “ფარნი” ვლადიმერ პუტინს მიმართავს თხოვნით, გააუქმოს საბაჟო შეზღუდვები, რომელიც სამხრეთ ოსეთში საქონლის შეტანაზე დაწესდა.

რუსეთის საბაჟოზე დადგენილმა ახალმა მოთხოვნებმა, რომელიც 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან შევიდა ძალაში, მეწარმეები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 

“მოსახლეობა გაოგნებული ადევნებს თვალს პირველი საჭიროების პროდუქტზე ფასების ყოველდღიურ ზრდას და ამაში მომწოდებლებსაც ადანაშაულებს, რომლებიც რეალურად კოლოსალური სირთულეების წინაშე დგანან სამხრეთ ოსეთში ტვირთის შემოტანისას. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება მნიშვნელოვნად დაძაბოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია”. 

პირველი ოქტომბრიდან რუსეთის მთავრობამ გადასახადები დააწესა იმ საქონელზე, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებს მიღმა გააქვთ, მათ შორის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამჟამად გადასახადი შეადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების  4-7%-ს. რუსეთის ხელისუფლების გათვლით საერთაშორისო სანქციების პირობებში ამ ზომებმა უნდა დაიცვას დეფიციტისგან შიდა ბაზარი და ფასები შეაკავოს.

სამხრეთ ოსეთთან კი საბაჟო გადასახადები აღემატება დაწესებულ მაქსიმუმს – 7%-ს. საქმე ის არის, რომ რუსეთის საბაჟო ე.წ. კორექტირებებს ატარებს, რომლის დროსაც გადასახადი ჩრდილოეთ კავკასიის საბითუმო ბაზრებზე შეიძლება ორჯერ ან სამჯერაც გაიზარდოს.

ახალმა შეზღუდვებმა სამხრეთ ოსეთში ყველა ტიპის საქონელზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია – საკვები პროდუქტიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ქიმიითია და სამშენებლო მასალებით დამთავრებული. 

მაგალითად, ცემენტის ერთი ტომრის ფასმა 450-დან 700 რუბლამდე აიწია. ქათმის კვერცხის –  75-90 -დან 180 რუბლამდე. 

ვითარება გაართულა იმანაც, რომ ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟომ მიიღო გადაწყვეტილება, სამხრეთ ოსეთის ტვირთი დეტალურად შეამოწმოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ვლადიკავკაზში საბაჟოს ტერიტორიაზე გადამზიდველი თავის საქონელს სატვირთოდან გადატვირთავს, შემდეგ კი მებაჟე მათ ცალობით შეამოწმებს და დეკლარაციას შეადარებს. ბოლოს კი საქონელს ისევ სატვირთოში ატვირთავენ. მცირე შეუსაბამობის შემთხვევაში კი იწერება ჯარიმა.

საბაჟო გაფორმების პროცედურის დრო 10 საათიდან ორ-ხუთ დღეღამემდე გაიზარდა, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ტიპის დარღვევებია აღმოჩენილი. შესაბამისად, გაიზარდა მიწოდების ფასიც – სატვირთო მანქანების მფლობელები გადასახადს დროის მიხედვით აწესებენ. 

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოლოდინის დროის გამო საქონელი ფუჭდება. იყო შემთხვევები, როდესაც გაფუჭდა გაუყინავი თევზი და ყურძენი. ამის გამო ბევრმა საერთოდ შეწყვიტა კონკრეტული დასახელების საქონლის შემოტანა, რადგან ფასი იმდენად ძვირდება, რომ ახალი ფასით მისი გაყიდვა შეუძლებელია. 

შეზღუდვების დაწესების შემდეგ გაიზარდა ფასები საწვავზეც. ამასთან, მოსკოვი-ცხინვალის შეთნხმების მიხდვით სამხეთ ოსეთში ყოველწლიურად გამოყოფილია კვოტა საწვავის კონკრეტულ რაიოდენობაზე, რის გამოც სამხრეთ ოსეთში საწვავზე ფასები მუდამ ნაკლები იყო, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში. 

თუმცა ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა და ახლა სამხრეთ ოსეთში საწვავი უფრო ძვირი ღირს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტარებმა მთავრობის კაბინეტსაც მიმართეს, თუმცა არავის აქვს პასუხი ფასების ზრდის ფორმულაზე. რუსი მომწოდებელები არ განმარტავენ, რისგან შედგება საწვავის საექსპორტო ფასი. რუსული მხარე ჰპირდება ცხინვალს, რომ საწვავის ექსპორტზე ფასი შემცირდება. 

ოპოზიციამ პრეზიდენტი ალან გაგლოევი დაადანაშაულა უუნარობაში, წარმართოს დიალოგი რუს პარტნიორებთან და გათვალოს მსგავსი სიტუაციები. 

ზოგიერთი ოპოზიციური გამოცემა ირწმუნება, რომ ამ გზით მოსკოვი ცხინვალის ახალ ადმინისტრაციას აჩვენებს, რომ არ აქვს მასთან დიალოგის არანაირი სურვილი. 

პოპულარულია სამხრეთ ოსეთში ვერსიაც, რომ პრობლემებს სამხრეთ ოსეთისთვის მოსკოვში პროქართული ლობი ქმნის, რითაც სამხრეთ ოსეთს საქართველოსკენ უბიძგებენ.

ადილობრივი მეწარმეები უკვე ორჯერ შეხვდნენ პრეზიდენტ გაგლოევს,  ამჟამინდელი სიტუაცია ბლოკადას შეადარეს და მისგან საბაჟოზე პრობლემების მოხსნა მოითხოვეს. გაგლოევი კი, რომელიც 24 ნოემბრამდე დუმილს ინარჩუნებდა, იძულებული იყო განეცხდებინა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს საქმეს რუსეთის საბაჟოზე. 

30 ნოემბერს გამშვებ პუნქტზე შეხვედრა შედგა სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს წარმომადგენლობებს შორის, თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ საბაჟო გადასახადის პრობლემა განეხილათ, რუსულმა მხარემ შემხვედრი პრეტენზიები გამოთქვა იმაზე, რომ 2010 წლიდან სამხრეთ ოსეთის ნომრებით რუსული საზღვარი 2900-მა ავტომობილმა გადაკვეთა და უკან არ დაბრუნებულა. აღნიშნული შეხვედრა კი სწორედ ამ სატრანსპორტო საუშალებების ძიებასა და დაბრუნებას შეეხო. 

იმის მიუხედავად, რომ ცხინვალი ცდილობს, მოსკოვს მოელაპარაკოს გადასახადების გაუქმებაზე და რუსი პარტნიორები დაპირებებს იძლევიან, პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 20 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა რუსულმა მხარემ გაურკვეველი ვადით გადადო შეხვედრა მიზეზების დასახელების გარეშე. 

საბაჟო გადასახადების პრობლემაზე საუბარი იყო 17 ნოებერს ცხინვალში მთავრობათაშორის კომისიაზე, თუმცა მოლაპარაკებების შედეგებზე საჯარო ინფორმაცია არავის გაუვრცელებია. 

26 ნოემბერს მოსკოვში პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ ჯუსოევი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა, რის შემდეგაც ცხინვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიწყო ამაზე მუშაობა და ახალ წლამდე საბაჟო გადასახადები გაუქმდება. 

პრობლემის გადაჭრის გზად ლენინგორიდან [ახალგორის] დეპუტატმა ზაზა დრიევმა შესთავაზა შეზღუდვების მოხსნა ქართულ მხარესთან გამშვებ პუნქტზე. 

შეზღუდვების დაწესებამდე მარნეულელი გლეხები პრაქტიკულად უზრუნველყოფდნენ სამხრეთ ოსეთს ხარისიანი და იაფი სოფლის მეურნეობის პროდუქციით. ბიბილოვის მიერ “რაზდახანის” დახურვის შემდეგ, მათ ზემო ლარსითა და როკის გვირაბით პროდუქციის შეტანის ლოგისტიკაც უზრუნველყვეს. პროდუქცია გაძვირდა, მაგრამ მყიდველს ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოტანილზე უფრო იაფი უჯდებოდა. 

დღეს სამხრეთ ოსეთს რუსული საქონლის ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც, მეწარმეთა მიმართვა პუტინისადმი სასოწარკვეთილების ნაბიჯია. მათ სჯერათ, რომ მხოლოდ რუსეთის მმართველს შეუძლია პრობლემის გადაჭრა. ამასთან, აქ გავრცელებულია აზრი, რომ პუტინს პირადი სიმპათიები აქვს სამხრეთელი ოსების მიმართ.

სამხრეთ ოსეთისთვის საბაჟო გადასახადების დაწესების ერთადერთი ლოგიკური ახსნა არის ის გეგმა, გაიხსნას სატრანსპორტო დერეფანი საქართველოში. ამას უკავშირდება, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის საბაჟო პოსტის გაუქმება და მისი მიერთება რუსულ საბაჟოსთან, რითაც გარკვეულწილად მიჩქმალეს ოსური საბაჟო. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი