ახალი ამბები

ნავალნი კვლავ გაუჩინარებულია, მისი სასამართლოები გადაიდო

19 დეკემბერი, 2023 •
ნავალნი კვლავ გაუჩინარებულია, მისი სასამართლოები გადაიდო

რუსმა მოსამართლეებმა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის საქმეზე სასამართლო განხილვები შეაჩერეს. როგორც ნავალნის მხარდამჭერები ამბობენ, პატიმარი ადვოკატებს თითქმის ორი კვირის განმავლობაში არ დაჰკავშირებია. გაეროს ოფიციალურმა მომხსენებელმა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მარიანა კაცაროვამ კი განაცხადა, რომ ნავალნის არყოფნა საქმის განხილვისას მის “იძულებით გაუჩინარებას” ნიშნავს. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

დაგეგმილი სასამართლო პროცესებიდან ორი შედგა, თუმცა, ნავალნის მონაწილეობის გარეშე. მისი ადვოკატების თქმით, დარჩენილი მოსმენები შეჩერებულია მანამ, სანამ მისი ადგილსამყოფელი დადგინდება. ადვოკატები შეშფოთებულნი არიან და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ კრემლის კრიტიკოსი შეიძლება მოკლული იყოს.

ნავალნი, რომელსაც დაახლოებით 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, გასულ კვირას მოსკოვთან ახლოს მდებარე ვლადიმირის რეგიონის ციხიდან გაუჩინარდა. არსებობს ვარაუდი, რომ ის “სპეციალური რეჟიმის” კოლონიაში გადაიყვანეს. რუსეთის ამ ყველაზე მკაცრ ციხეში პატიმარმა შეიძლება წლები გაატაროს კომუნიკაციის ყველა საშუალებას მოკლებულმა.

კირა იარმიშმა, ნავალნის თანაშემწემ, თქვა, რომ 200-მდე წინასწარი დაკავების ცენტრს დაუკავშირდნენ, დაკარგული ოპოზიციონერის შესახებ  ცნობები რომ მიეღოთ, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს.

კრემლმა უპასუხოდ დატოვა კითხვები ნავალნის ადგილმდებარეობის შესახებ. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მის გუნდს “არც განზრახვა აქვს და არც შესაძლებლობა, რომ პატიმრების ბედ-იღბალს სდიოს”.

ნავალნის მხარდამჭერები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პატიმარი საავადმყოფოში იყოს იმის გათვალისწინებით, რომ თვის დასაწყისში ცუდი სანიტარული პირობებისა და კვების გამო გონება ერთხელ უკვე დაკარგა.

ნავალნი რუსეთში 2020 წელს ნოვიჩოკით მოწამლეს, სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა 2021 წელს რუსეთში დაბრუნდა, სადაც დააკავეს კიდეც. ბრალი თაღლითობასა და ექსტრემიზმში დასდეს და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებით, მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურია.

რუსი ოპოზიციონერი სწორედ მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ვლადიმირ პუტინმა დაიწყო კამპანია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. პუტინი მხოლოდ სტალინს ჩამორჩება კრემლის სათავეში დგომის ხანგრძლივობაში და მასაც გადააჭარბებს, თუ პრეზიდენტი მეექვსე ვადითაც გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი