რომის პაპმა, ფრანცისკემ მღვდლებისთვის დაშვებულად ცნო ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა აქვეყნებს.
კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ერთნაირსქესიანთა დალოცვა გარკვეულ პირობებში დაშვებული იქნება, თუმცა ვატიკანმა განმარტა, რომ დალოცვა არ უნდა იყოს ეკლესიის ჩვეული რიტუალების ნაწილი ან დაკავშირებული სამოქალაქო ქორწინებებთან.
მან ასევე დასძინა, რომ ქორწინებას კვლავ განიხილავს ქალსა და კაცს შორის.
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის მიერ გაცემული დოკუმენტი დღეს, 18 დეკემბერს დაამტკიცა. როგორც ვატიკანი აღნიშნავს, ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ „ღმერთი მიესალმება ყველას“, მაგრამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მღვდლებმა გადაწყვეტილება კონკრეტული შემთხვევების მიხედვით უნდა მიიღონ.
კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა განაცხადა, რომ ახალი დეკლარაცია ერთგული რჩება ეკლესიის ტრადიციული დოქტრინისა ქორწინების შესახებ, თუმცა ახალი მითითებები მღვდლებს საშუალებას მისცემს, დალოცონ ურთიერთობები, რომლებიც ჯერ კიდევ “ცოდვად” არის მიჩნეული.
განახლება: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო — “რომის პაპმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დალოცვა დაუშვა”. სათაური შეიცვალა, რადგან საუბარი იყო არა ქორწინების დალოცვაზე, არამედ ერთნაირსქესიან წყვილთა დალოცვაზე