ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მანდარინის ნერგები ზუგდიდიდან – ციტრუსის მოსავალი აფხაზეთში

18 დეკემბერი, 2023 • 1604
მანდარინის ნერგები ზუგდიდიდან – ციტრუსის მოსავალი აფხაზეთში

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


დეკემბერში აფხაზეთში ციტრუსის მოსავლის აღების პიკია. მოსალოდნელი მოსავალი 30 ათასი ტონა მანდარინია, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ვიდრე შარშან. თუმცა, როგორც აგრონომები ამბობენ – ეს ნორმალურია, უხვმოსავლიანი წლები მწირმოსავლიანად იცვლება. ამასთან, წელს ციტრუსის ხარისხი, როგორც ამბობენ, უკეთესია. 

გულრიფშის რაიონში განთავსებული მეურნეობა “სოფიას” დირექტორის მოადგილე ჯანსუღ ადლეიბა გვიყვება, რომ მცირემოსავლიანობის მიუხედავად, მეურნეობა ციტრუსის მკრეფავთა ნაკლებობას განიცდის.

“ერთ 12- კილოგრამიან ყუთზე 100 რუბლს [1.11 აშშ დოლარი]] ვთავაზობთ. ასევე, მკრეფავისთვის გათვალისწინებულია კვება და ტრანსპორტირება, თუმცა ადამიანებს სურვილი ვერ გავუჩინეთ”. 

მართლაც, ყოველ წელს მკრეფავთა შორის ძირითადად გალელები და  რუსები არიან, რომლებიც სპეციალურად ციტრუსის საკრეფად რუსეთის შორეული ჩრდილოეთ რეგიონებიდან, მაგალითად, ურალიდან ჩამოდიან. 

გალელებს შორის არიან პროფესიონალი მკრეფავებიც. მაგალითად, მაკა, რომელიც ზაფხულის დასაწყისიდან ჯერ მარწყვს კრეფს, წლის ბოლოს – მოცვს, ზამთარში კი – მანდარინს. ამავე დროს, საკუთარ მეურნეობასაც უვლის. 

“სახლში სამი ძროხა, ბატები, ინდაურები და ქათმები მყავს. ჩემს არყოფნაში მათ ქმარი და ჩემი უფროსი ბიჭი უვლიან. გოგო უნივერსიტეტში სწავლობს და მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ მას არ მოუწიოს ჩემსავით წელის გაწყვეტა”, – ამბობს მაკა. 

მაკა, ასევე, ერთ-ერთია, ვინც აფხაზეთს ნერგებით ამარაგებს. გალის რაიონის [ერთ-ერთი სოფლის] მკვიდრს შესაძლებლობა აქვს, შეუზღუდავად გადაკვეთოს ენგურის გამშვები პუნქტი. ზუგდიდში მანდარინის ნერგებს ყიდულობს და შემდეგ ბითუმად გალში ყიდის. მისგან ნერგებს ყიდულობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები, შემდეგ კი აფხაზ ფერმერებს ურიგებენ.

აფხაზეთში არსებობს დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში 50 ათასზე მეტი მანდარინის ნერგი უკვე გადაეცათ პროგრამის მონაწილე მცირე მეწარმეებს.

“ამისთვის საქართველოდან მრავალწლიანი მცენარეების ნარგავების შემოტანის შესაძლებლობა შეიქმნა”, – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუა. 

ეს ხეები ნაყოფს უკვე ორ-სამ წელში გამოისხამს. აღნიშნული ჯიშები ნაადრევად მწიფდება ტრადიციული უშუს ჯიშისგან განსხვავებით. ეს მანდარინი ახალ წლამდე დაიკრიფება და გაიგზავნება მაღალ ფასად იქ, სადაც მას განსაკუთრებით ელიან. 

დღეს აფხაზეთიდან ექსპორტზე მსხვილი მანდარინი 70-80 რუბლად გადის, 40-ად კი, წვრილი. თუმცა, როგორც ჯანსუღ ადლეიბა ამბობს, ახალი წლისთვის ფასი გაიზრდება. 

“ჩვენი ინფორმაციით, ამ წელს რუსეთში მაროკოდან და თურქეთიდან ნაკლები ციტრუსი შევა, ამიტომაც, ჩვენი მანდარინის ფასი უნდა გაიზარდოს იქ”,-  ამბობს ადლეიბა. 

თუმცა, ამის მიუხედავად, შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფერმერები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ დიდი ფულის შოვნას მანდარინის გატანით.

“დიდი იმედი გვქონდა წინა სეზონზეც. მოსავალი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ჩვენი მანქანები რუსეთთან საზღვარზე ბევრი დღით დააყოვნეს. მძღოლები აიძულეს, მანქანები ჯერ მთლიანად დაეცარიალებინათ, შემდეგ ისევ დაეტვირთათ. ფაქტიურად, დაგვცინოდნენ. მიზანი ჰქონდათ, რუსი მესაზღვრეებისთვის ფული გადაგვეხადა. ასე რომ, ამ შემთხვევის შემდეგ აღარ მინდა არაფერი. ჩემი მოსავლის ნახევარი უბრალოდ დალპა”, – ამბობს სოფელ მერკულას მკვიდრი ალხასი.

ამ წელს ტვირთის ფორმირება სოხუმში ხდება და ერთდროულად რამდენიმე მანქანა ფსოუს საზღვრით გადის.

“საბაჟო სამსახურები და მესაზღვრეები სეზონამდე დიდი ხნით ადრე კავშირზე იყვნენ რუსეთში საკუთარ კოლეგებთან და შეძლეს სატვირთო მანქანების სპეციალური გატარების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, შექმნილია რამდენიმე საწარმო, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ერთდროულად რამდენიმე მანქანის საზღვარზე გატარებას”, – ამბობს ბესლან ჯოპუა. 

რაც შეეხება საბაჟო გადასახადს, მას რუსული მხარე იღებს – კილოგრამზე 3 რუბლსა და 80 კაპიკს. ანუ საბაჟო ღირებულება დადგინდა კილოგრამზე 3,8 რუბლი. სავაჭრო ღირებულება კი 40-დან 70 რუბლამდეა [0,44 – 0,78 აშშ დოლარი]

იმისთვის, რომ ფერმერებმა ციტრუსის მცირე პარტიების რუსეთში გატანა შეძლონ დამოუკიდებლად, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, შესაბამისი პირობები შექმნილი არ ყოფილა. მათ უწევთ ვრცელი დოკუმენტაციის მომზადება, ამიტომაც უფრო მარტივია, აფხაზეთში მსხვილ კომპანიებს ჩააბარონ საკუთარი პროდუქცია. როდესაც ფასი მაღალია, ეს სარგებლიანია, თუმცა, როდესაც ციტრუსის ღირებულება მისი კრეფისა და ტრანსპორტირების ხარჯებსაც ვერ ფარავს, ფერმერებს აღარ რჩებათ შემოსავალი, როგორც ეს წინა წელს მოხდა. სწორედ ამიტომ, ბევრი უარს ამბობს ამ ბიზნესისგან. 


მასალების გადაბეჭდვის წესი