ახალი ამბები

რეალურად არის თუ არა თბილისში 650 ათასი ავტომობილი, რაც მერიის თქმით, საცობებს იწვევს?

15 დეკემბერი, 2023 • 5135
რეალურად არის თუ არა თბილისში 650 ათასი ავტომობილი, რაც მერიის თქმით, საცობებს იწვევს?

თბილისის მერია დედაქალაქში საცობების გამომწვევ მთავარ მიზეზად ავტომობილების დღითიდღე მზარდ რაოდენობას ასახელებს. მერიის ცნობით, თბილისში ავტომობილების რაოდენობა პანდემიის შემდეგ 40%-ით გაიზარდა და 650 000-ს მიაღწია.

რეალურად, მოძრაობს თუ არა დედაქალაქში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი და რამდენად რეალურია ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია? სტატისტიკური მონაცემები გაანალიზა და ფეისბუკზე, პირად გვერდზე გამოაქვეყნა სტატისტიკოსმა და მონაცემთა ანალიტიკოსმა ცვატა ბერძენიშვილმა.

ცვატა ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი, განახლებული ვებსაიტი ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, თუმცა „ეს საქსტატის ბრალი ნაკლებადაა “.

„მაგალითად, თუ ჯამურ სტატისტიკას შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარულ მანქანებში მე-4 ადგილზე VAZ-ია და ეს რუსული ხლამი უფრო მეტია, ვიდრე, ვთქვათ, BMW და ფოლკსვაგენი ერთად აღებული.

იმავე სტატისტიკით, საქართველოში 2023 წლისთვის უფრო მეტი GAZ-ია, ვიდრე ჰიუნდაი და სუბარუ. უფრო მეტი მოსკვიჩია, ვიდრე შევროლე, ლექსუსი, მაზდა, აუდი თუ კია.

საქმე ის არის, რომ საქსტატი ეყრდნობა შსს-ს მონაცემებს, ხოლო შსს-ს, თავის მხრივ, აქვს „აქტიური სტატუსით რეგისტრირებული“ სატრანსპორტო საშუალებების ბაზა და სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი — როდესაც მავანი ავტომფლობელი თავის მანქანას დაშლის, ან მანქანა საერთოდ განადგურდება და ა.შ., ამ დროს ამ ადამიანს არ აქვს ვალდებულება, შსს-ს აცნობოს ამის შესახებ. ბევრი ასეც იქცევა — არ „ჩამოწერს“ მანქანას. ანუ ავტომობილი საერთოდ აღარ არსებობს, მაგრამ შსს-ს ბაზაში მაინც აქტიური სტატუსითაა. ასეთი ავტომობილი არის ათასობით, რაც მნიშვნელოვნად აფუჭებს სტატისტიკას“, — წერს მონაცემთა ანალიტიკოსი ცვატა ბერძენიშვილი.

როგორც ის ამბობს, შსს-ს ბაზაში რეგისტრირებული ავტომობილები ორ კატეგორიად იყოფა: კერძო პირის და კომპანიის მფლობელობაში. მისივე ცნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული მანქანების ბაზა მეტ-ნაკლებად სრულყოფილია, რადგან, დიდი ალბათობით, არარსებულ მანქანებს ბალანსზე არ დაიტოვებენ, რადგან ზედმეტი თავის ტკივილია, თუმცა „დიდი გარღვევაა პირად მფლობელობაში არსებულ ავტომობილებში“.

„2020 წელს კვლევითმა კომპანია CRRC-მ სცადა, ეკვლია ეს თემა და სხვადასხვა წყაროს შეჯერებით მიიღო 57% იმ ავტომობილებისა, რაც თბილისშია რეგისტრირებული. თუ ამ მაჩვენებელს ავიღებთ დღესაც, გამოდის, რომ თბილისში ამჟამად რეგისტრირებული მანქანებიდან (619 006), რეალურად, გამოდის დაახლოებით 353 000 ავტომობილი, რაც ძალიან შორსაა დასახელებული 650 000-სგან.

გასაგებია, რომ თბილისში არ მოძრაობს მხოლოდ დედაქალაქში რეგისტრირებილი ავტოტრანსპორტი, მაგრამ განსხვავება მაინც საგრძნობია“, — წერს ცვატა ბერძენიშვილი.

როგორც მონაცემთა ანალიტიკოსი მიიჩნევს, „პრობლემა მხოლოდ მანქანების რაოდენობა არაა“:

„CRRC-ის შეფასებაზე დაყრდნობით, დღეს თბილისში ყოველ 1 მოსახლეზე დაახლოებით 0.28 მანქანა მოდის და ეს რიცხვი ახლოსაც არ არის ევროპის ქალაქების სტატისტიკასთან. მაგალითად, მიუნხენისთვის იგივე მაჩვენებელი 0.57-ია, რომისთვის — 0.62, მადრიდისთვის — 0.56, პარიზისთვის — 0.51, ვენასთვის — 0.41 და ა.შ. საერთოდ, ევროკავშირის საშუალო 0.57-ია დაახლოებით, საქართველოსი — 0.25. ამიტომ, მხოლოდ მანქანების რაოდენობა ვერ იქნება საცობების მიზეზი.

მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს და ერთ-ერთი მოტორიზაციის მაღალი კოეფიციენტია — თბილისში ავტომფლობელები უფრო აქტიურად იყენებენ საკუთარ მფლობელობაში არსებულ მანქანებს, ვიდრე ევროპის სხვა ქალაქებში, თუმცა მხოლოდ ამით საცობების ახსნა ძალიან გულუბრყვილობა მგონია, პლუს ამას, მეეჭვება, მოტორიზაციის მაღალი კოეფიციენტი კარგი ცხოვრებით იყოს განპირობებული — უფრო პირიქით“, — წერს ცვატა ბერძენიშვილი.


ასევე ნახეთ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი