ახალი ამბები

მერიის განმარტება, რამ გამოიწვია თბილისში 13 დეკემბერს მასშტაბური საცობები

14 დეკემბერი, 2023 •
მერიის განმარტება, რამ გამოიწვია თბილისში 13 დეკემბერს მასშტაბური საცობები

თბილისის მერია განმარტავს, რომ გუშინ, 13 დეკემბერს, დედაქალაქში მასშტაბური საცობების მიზეზი ერთ არეალში მომხდარი ოთხი საავტომობილო შემთხვევა გახდა. ამის შესახებ განცხადება მერიამ “ნეტგაზეთს” მიაწოდა.

როგორც მერია აცხადებს, საცობების მიზეზი დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობის ზრდაა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, თბილისში ამ დროისთვის 650 000 ავტომობილია, მათი რაოდენობა კი პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა.

“პანდემიამდე ავტომობილების საშუალო წლიური ზრდა 7-8%-ს შეადგენდა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ამ მაჩვენებელმა 40%-ს გადააჭარბა, რის შედეგადაც მივიღეთ ქალაქში 650 000 ავტომობილი და მასზე მაღალი დამოკიდებულება. 2017 წლის კვლევის მონაცემებით, თბილისში 100 000 ადამიანი 1.5 -ზე ნაკლებ მანძილზე გადაადგილდებოდა ავტომობილით” — ნათქვამია განცხადებაში.

მერია ასევე განმარტავს, რომ ქალაქის გამტარუნარიანობას ამცირებს ამჟამად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

“ამ პერიოდში ორზოლიან გზაზე შექმნილი ავტოსაგზაო შემთხვევა თუ სხვა ნებისმიერი შეფერხება იწვევს გამტარუნარიანობის 50% -ზე მეტით შემცირებას, რაც მიმდებარე ქუჩებს, ბუნებრივია, ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა.

ქალაქში მნიშვნელოვან კვანძებზე დაკვირვება ხდება კამერებით და შს სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით. მათ დაუყოვნებლივ გადაეცემათ ინფორმაცია, რასაც მოჰყვება მყისიერი რეაგირება. თუმცა ხშირად გზის გათავისუფლებას სჭირდება დამატებითი დრო,

რაც შეეხება 13 დეკემბრის საღამოს დედაქალაქში დაფიქსირებულ საცობს, გაცნობებთ, რომ ერთ არეალში მომხდარმა ოთხმა საავტომობილო შეფერხებამ გამოიწვია მასთან დამაკავშირებელი ქუჩების პარალიზება”, — განმარტავს მერია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს, რაც უმნიშვნელოვანესია ქალაქის მობილობის გასაუმჯობესებლად და მანქანაზე დამოკიდებულების შესამცირებლად.


გარეკანის ფოტო: FB/ნინო ტაბატაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი